ფეხბურთი

1:44 | 20.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ოქროს ქულები "სან სიროზე", "ინტერი" ზამთრის ჩემპიონია

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალური მატჩი, რომელშიც „მილანმა“ „ნაპოლის“ უმასპინძლა, დაძაბული გამოდგა, მაგრამ სანახაობრივი ნაკლებად. სტუმრებმა მოიგეს და „ინტერს“ კიდევ უფრო გაქცევის საშუალება არ მისცეს, მაგრამ სამაგიეროდ, „მილანი“ ჩამორჩა თანაქალაქელს.

მატჩს ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც დასაწყისშივე, მეხუთე წუთზე გავიდა. კუთხურის შემდეგ თავით ჩრდილოეთ მაკედონიელმა ელიფ ელმასმა გაიტანა და როგორც გაირკვა, მატჩის ბედი გადაწყვიტა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „როსონერიმ“ გაიტანა და წონასწორობა ფრანკ კესიმ აღადგინა, მაგრამ VAR-ის გადაწყვეტილებით გოლი გაუქმდა. მსაჯების აზრით, თამაშგარეში მყოფმა ოლივიე ჟირუმ ეპიზოდზე გავლენა მოახდინა, თუმცა, რამდენად იყო ასე რეალურად, ძნელი სათქმელია. ასეა თუ ისე, „ნაპოლიმ“ 1:0 მოიგო და ლუჩანო სპალეტიმ სტეფანო პიოლისთან დადებითი სერია გააგრძელა - 11 მატჩი და არცერთი წაგება. „ნაპოლიმ“ 39 ქულა დააგროვა და „მილანს“ დაეწია, ხოლო „ინტერს“ ორივე გუნდი 4-4 ქულით ჩამორჩებიან. შედეგად, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ინტერი" ზამთრის ჩემპიონი გახდა.

ტურის სხვა მატჩები ნაკლებად გამორჩეული იყო. ყველაზე აღსანიშნავი „ფიორენტინას“ ფრეა „სასუოლოსთან“. პირველი ტაიმი სტუმრებმა ჯანლუკა სკამაკასა და დავიდე ფრატეზის გოლებით მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში დუშან ვლაჰოვიჩმა და ლუკას ტორეირამ გაათანაბრეს. სხვათა შორის, ვლაჰოვიჩმა 2021 წელს სერია A-ში 33-ე გოლი გაიტანა და კრიშტიანუ რონალდუს ერთი წლის წინ დაფიქსირებული შედეგი გაიმეორა, რაც ბოლო 60 წელიწადში საუკეთესო შედეგია. „ფიორენტინას“ 31 ქულა აქვს და „იუვენტუსთან“ და „რომასთან“ ერთად მეხუთე-მეშვიდე ადგილებს იყოფს.

საინტერესო ამბავი მოხდა „სპეცია“ – „ემპოლის“ მატჩში, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში რიკარდო მარკიცას ავტოგოლით გაიხსნა, რომელიც ზაფხულში „ემპოლიში“ სწორედ „სპეციადან“ იჯარით გადავიდა, ხოლო წონასწორობა დიმიტრიოს ნიკოლაუმ აღადგინა, რომელაც ასევე ზაფხულში პირიქთ, „ემპოლიდან“ „სპეციაში“ გადავიდა იჯარით. მოკლედ მათ იმ გუნდების სასარგებლოდ გაიტანეს ავტოგოლები, სადაც ახლა არ თამაშობენ, მაგრამ კონტრაქტით მათ საკუთრებაში არიან...

სერია A-ში მიმდინარე წელს კიდევ ერთი ტური გაიმართება და პირველი წრე დასრულდება, ხოლო შემდეგ საშობაო პაუზა დაისადგურებს.

„ფიორენტინა“ – „სასუოლო“ 2:2 (0:2)

გოლები: 0:1 სკამაკა (32), 0:2 ფრატეზი (37), 1:2 ვლაჰოვიჩი (51), 2:2 ტორეირა (61)

„სპეცია“ – „ემპოლი“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 მარკიცა (50, ა.გ), 1:1 ნიკოლაუ (71, ა.გ)

„ტორინო“ – „ვერონა“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 პობეგა (26)

„სამპდორია“ – „ვენეცია“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 გაბიადინი (1), 1:1 ანრი (87)

„მილანი“ – „ნაპოლი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ელმასი (5)

თეგებისერია A
0.145871