ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ლივერპულთან“ (2:2) მატჩის შემდეგ ისაუბრა, იტალიელი სპეციალისტის თქმით, მისმა გუნდმა კარგად ითამაშა და გამარჯვებასაც იმსახურებდა.
„საინტერესო თამაში იყო, ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, ამიტომ ფრით იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ.
შექმნილი მომენტების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ ერთის ნაცვლად, სამი ქულის მოპოვება შეგვეძლო. „ლივერპულთან“ თავის დაცვა ადვილი არ არის, მათ პრობლემები შევუქმენით, როცა ბურთი გვქონდა და გულშემატკივრებმა საინტერესო თამაში იხილეს. მსაჯი? არ მინდა, მის გადაწყვეტილებებზე ვისაუბრო, ორივე გუნდმა კარგად ითამაშა“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემს“ 26 ქულით მეშვიდე ადგილი უკავია, მაგრამ სამი თამაში აქვს მარაგში, რადგან კორონავირუსის გამო ბოლო ორი კვირის განმავლობაში მატჩი არ ჩაუტარებია.