იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში შაბათს სამი მატჩი გაიმართა. ყველაზე საინტერესო კი ბერგამოს „ატალანტასა“ და „რომას“ დაპირისპირება გახლდათ.
ბერგამოელები ამ თამაშს გამარჯვებების სერიით და სკუდეტოს ამბიციით შეხვდნენ, მაგრამ ჟოზე მოურინიოს „რომამ“ დიდებულად ითამაშა და პორტუგალიელ სპეციალისტს შემთხვევით არ უთქვამს ნამატჩევს, რომ საუკეთესო „რომა“ ვიხილეთ.
„ჯალოროსიმ“ ტამი აბრაჰამის გოლით წინ გასვლა პირველივე წუთზე შეძლო, ხოლო ტაიმის შუაწელს ნიკოლო ძანიოლომ უპირატესობა გააორმაგა. სხვათა შორის, მან სერია A-ში გოლი 515-დღიანი პაუზის შემდეგ გაიტანა! „ატალანტამ’ პირველი ტაიმის ბოლოს ერთი ბურთი გაქვითა და ბრძოლაში დარჩა, მაგრამ თამაში ვერ გადაარჩინა. მეტიც, მეორე ნახევარში კრის სმოლინგმა და აბრაჰამმა დედაქალაქელებს საბოლოო გამარჯვება მოუტანეს - 4:1. „რომამ“ 31 ქულას მოუყარა თავი და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს.
იგივე ითქმის ტურინის „იუვენტუსზეც“, რომელმაც „ატალანტას“ წაგებით ისარგებლა და მასთან ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი ტრავმებით შესუსტებული შემადგენლობით „ბოლონიას“ ესტუმრა და დამაჯერებლად აჯობა. ალვარო მორატამ მეექვსე წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე ტაიმში ხუან კუადრადომ უპირატესობა გაზარდა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. „იუვენტუსსაც“ 31 ქულა აქვს „რომას“ მსგავსად და ოთხეულისთვის ბრძოლას აგრძელებს. სხვათა შორის, მასიმილიანო ალეგრი მე-19-ედ დაუპირისპირდა „ბოლონიას“ და არასდროს წაუგია - 15 მოგება და 4 ფრე. მას შემდეგ, რაც გუნდებს გამარჯვებაზე 3 ქულა ენიჭებათ (1994 წლიდან), სერია A-ში ასეთი კარგი სერია არცერთ მწვრთნელს არცერთი გუნდის წინააღმდეგ არ აქვს.
„კალიარი“ – „უდინეზე“ 0:4 (0:2)
გოლები: 0:1 მაკენგო (4), 0:2 დეულოფეუ (45), 0:3 მოლინა (50), 0:4 დეულოფეუ (69)
„ბოლონია“ – „იუვენტუსი“ 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 მორატა (6), 0:2 კუადრადო (69)
„ატალანტა“ – „რომა“ 1:4 (1:2)
გოლები: 0:1 აბრაჰამი (1), 0:2 ძანიოლო (27), 1:2 კრისტანტე (45, ა.გ), 1:3 სმოლინგი (72), 1:4 აბრაჰამი (82)