ლაშა შავდათუაშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით 2021 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად დაასახელეს.
ლაშამ გამოკითხვაში გულშემატკივრებისგან ყველაზე მეტი ხმა მიიღო. შავდათუაშვილისთვის 2021 წელი მართლაც წარმატებული გამოდგა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა (კარიერაში პირველად). ამასთან ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა და ეს მის კარიერაში მესამე ოლიმპიური მედალი გახლდათ.
„ბედნიერი ვარ, რომ აქაც წარმატებას მივაღწიე. მინდა მადლობა ვუთხრა გულშემატკივარს. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც უამრავი გულშემატკივარი გყავს, სპორტი ქომაგების გარეშე არ არსებობს. ჩემთვის ეს ძალიან დიდი მოტივაციაა, რომ კიდევ ვიბრძოლო დიდი გამარჯვებებისთვის. ჩემთვის საუკეთესო წელი იყო. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ სამივე ტიტული მაქვს და მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ვარ. გარდა ამისა, ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლი მოვიპოვე და აქაც სამივე სინჯის მედალი მაქვს. ძალიან დიდი მადლობა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას, ქართველ გულშემატკივარს და ზოგადად, ძიუდოს ყველა გულშემატკივარს“, - თქვა შავდათუაშვილმა.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვაში გაიმარჯვა ილია სულამანიძემაც, რომელიც „ამომავალი ვარსკვლავის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა. 2021 წელი 20 წლის ძიუდოისტისთვისაც წარმატებული იყო.
ილია ევროპის ჩემპიონატზე დიდებში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ამასთან მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო, ევროპის 23-წლამდე ჩემპიონობასაც უწია, თბილისის გრანდ სლემზე ვერცხლი, ხოლო თელ ავივის გრანდ სლემზე ბრინჯაო მოიპოვა.