საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს და სერბეთის ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომელიც ავთანდილ ასათიანის გუნდმა 4:3 მოიგო.
ორიოდ დღის წინ ამ გუნდების სპარინგში ფრე (1:1) დაფიქსირდა, მაგრამ ამჯერზე გამარჯვება მასპინძლებს ერგოთ. საუკეთესო ელისანდრო იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. ბრაზილიელმა მერვე წუთზე გახსნა ანგარიში და საინტერესოა, რომ წინა თამაშშიც სწორედ მის აქტივშია პირველი გოლი. შესვენებამდე არაფერი შეცვლილა, თუმცა უნდა გამოვყოთ მეკარე თორნიკე ბუკია, რომელმაც სტუმართა ფეხბურთელ სტეფან რაკიჩს პენალტი აუღო.
შესვენების შემდეგ კი საქართველომ ძალიან კარგად დაიწყო და ორჯერ გაიტანა. 21-ე წუთზე თალესმა იხეირა, ხოლო 22-ე წუთზე ელისანდრომ სხვაობა სამამდე გაზარდა. მისი შეჩერება სერბებს ძალიან უჭირდათ და 29-ე წუთზე ჰეთ-თრიქიც გაიფორმა, რითაც ანგარიში 4:0 გახდა, მატჩის დასრულებამდე კი 11 წუთი რჩებოდა. ეს სხვაობა 35-ე წუთამდე შენარჩუნდა და თითქოს სერბეთი უშანსოდ იყო, თუმცა ორწუთიან ინტერვალში სტუმრებმა სამი გოლი გაიტანეს.
35-ე წუთზე დენის რამიჩმა გაიტანა, ხოლო 37-ე წუთზე დრაგან ტომიჩმა დუბლი მიითვალა და მატჩის ფინიშამდე 3 წუთით ადრე საქართველოს უპირატესობა მინიმუმამდე დავიდა. სერბეთს გათანაბრებაც შეეძლო და ჩვენი გუნდის კარი ხარიხამ გადაარჩინა.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 4:3 იმარჯვა. ავთანდილ ასათიანის გუნდს 21 და 22 დეკემბერს, ყირგიზეთთან ორი ამხანაგური მატჩი კიდევ აქვს დაგეგმილი, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე აზერბაიჯანის, ბოსნიისა და ესპანეთის ნაკრებებს შეხვდება. ევრო 2022-ის ჯგუფურ ტურნირზე საქართველო 22-29 იანვარს ითამაშებს.
საქართველო - სერბეთი 4:3 (1:0)
თბილისი, ოლიმპიური სასახლე
საქართველო: ბუკია, ჯამბურია, თალესი, რონინიო, ღავთაძე, ელისანდრო, ქურდაძე, თოფურია, სებისკვერაძე, კეკელია, თოდუა, კურტანიძე, გიორგაია, ჭუმბურიძე
გოლები: 1:0 ელისანდრო (8), 2:0 თალესი (21), 3:0 ელისანდრო (22), 4:0 ელისანდრო (29), 4:1 რამიჩი (35), 4:2 ტომიჩი (37), 4:3 ტომიჩი (37)