ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში „მილუოკი ბაქსი“ სტუმრად „ნიუ ორლეან პილიკანსს“ შეხვდა და დრამატულ შეხვედრაში, დამატებით დროში - 116:112 დამარცხდა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე ტაიმი სრულიად თანაბარი ანგარიშებით დასრულდა. ოვერტაიმში კი მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდმა 4-ქულიანი სხვაობით 13:9 წააგო.
52 წლის სპეციალისტის განკარგულებაში მხოლოდ 9 კალათბურთელი იყო და მათ შორის მოხვდა სანდრო მამუკელაშვილიც. ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე 18:02 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. სანდრომ 4-დან 2 ტყორცნა ზუსტად გამოიყენა, მან 4-დან 2 სანქულიანი ჩააგდო.
ისევ არ უთამაშია გუნდის ლიდერ იანის ანტეტოკუმპოს. მასთან ერთად ტრავირებულთა რიგებში ტანასის ანტეტოკუმპო, დონტე დივინჩენც, ბრუკ ლოპეზი, უესლი მეთიუსი, სემი ოჯელიე და ბობი პორტისი იყვნენ.
იანისის არყოფნაში, მოქმედ ჩემპიონს ჯრუ ჰოლიდეიმ ულიდერა. 31 წლის გამთამაშებელმა 40 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. მან 8-დან 1 სამქულიანი, 28-დან 17 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 25 ქულა და 3 მოხსნა ჰქონდა გრეისონ ალენს.
„ნიუ ორლეანიდან“ კი ყველაზე შედეგიანი დევონტე გრეჰემი იყო. 26 წლის ამერიკელმა საკუთარ გუნდს 26 ქულა, 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
ორმაგი დუბლი მხოოდ ორმა კალათბურთელმა შეასრულა: „მილუოკიდან“ ჯორდან ნვორამ (14 ქულა, 13 მოხსნა) და „ნიუ ორლეანიდან“ ჯოშ ჰარტმა (11 ქულა, 15 მოხსნა, 8 პასი).
„ბაქსს“ 19 გამარჯვებით და 12 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილი უჭირავს. ბუდენჰოლცერის გუნდი მომდევნო შეხვედრას 19 დეკემბერს, „კლივლენდ კავალიერსთან“ ჩაატარებს. ხოლო „ნიუ ორლეანსს“ 10 მოგების წილ 21 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციაზე იმყოფება. ზედიზედ 2 გამარჯვების შემდეგ უილი გრინის გუნდი 20 დეკემბერს „ფილადელფიას“ შეხვდება.