ბლოგი

14:34 | 18.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

უეფას ყველაფერი ეპატიება

შეცდომა ყველას დაგვიშვია - დიდიც დაა უმნიშვნელოც. ისტორიამ გვაჩვენა, რომ უმთავრესი სამეცნიერო აღმოჩენები ხშირად შეცდომებს მოსდევს ხოლმე და უშეცდომო არც არავინ ყოფილა და არც არავინ იქნება. თუმცა, ჩვენ ბავშვობიდან გვზრდიდნენ იმ მორალით, რომ შეცდომის დამშვებმა ადამიანმა თავის შეცდომა-გადაცდომებზე რაღაც ფორმით პასუხი უნდა აგოს და როგორც ჩანს, ეს თითქოსდა მარტივი ჭეშმარიტება ევროპული ფეხბურთის მმართველებს - უეფას ჩინოსნებს არაფრად უღირთ.

ის, რაც გასულ ორშაბათს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის დროს მოხდა, ერთი შეხედვით მარტივი ტექნიკური შეცდომა იყო, რაც უეფამ მალევე დააკორექტირა, მაგრამ რეალურად ეს იყო უდიდესი უსამართლობა. მაშინ, როდესაც წესების მცირედი დაარღვევააც კი არ ეპატიება კლუბებსა და ფეხბურთელებს, უეფასთვის მსგავსი რამ არაფერია და არც ის მიუტანიათ დიდად გულთან, რომ ხელახლა ჩატარებული კენჭისყრით რამდენიმე კლუბი გვარიანად დაზარალდა.

უეფასთვის არაფერს წარმოადგენს მაგალითად 24 წლის წინანდელი ჩვენთვის გულსატკენი ამბის გახსენება, როდესაც ბათუმის “დინამომ“ თასების მფლობელთა თასზე ერევნის “არარატს“ ორივე შეხვედრაში დამაჯერებლად სძლია (4:2, 2:0), მაგრამ ბათუმური გუნდის ხელმძღვანელობის შტერული შეცდომის გამო (ბათუმში 4:2 მოგებულ მატჩში “დინამომ“ სრულიად შემთხვევით დისკვალიფიცირებული სოლოღაშვილი ათამაშა) არად ჩააგდეს ქართველების ბოდიში და პატიების თხოვნა და შემდეგ ეტაპზე სრულიად დაუმსახურებლად გაიყვანეს “არარატი“, რომელიც ორივე შეხვედრაში დამარცხდა და მაშინ ქართული გუნდი კლასით მასზე მართლაც ბევრად აღმატებული იყო.

უეფა ნამეტანი მკაცრი იყო მაშინ, როდესაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად თბილისის “დინამო“ ევროტურნირებზე გავიდა და მაშინაც სრულიად შტერული მიზეზებით, თბილისური კლუბი ევროტურნირებიდან მოიკვეთა და ამ გზით საფუძველი გამოეცალა ახლადფეხადგმული ქართული საკლუბო ფეხბურთის ევროპულ იმედებსა და პერსპექტივებს.

ევროპული ფეხბურთის მმართველებს არასოდეს დავუტოვებივართ სანქციების გარეშე, როდესაც გამწარებული ქართველი ქომაგები სტადიონზე დებოშს ტეხდნენ, ან ნივთებს ისროდნენ და ამის გამო არაერთხელ მოუციათ სტადიონის დისკვალიფიკაცია. ამ დროს ვერ გავიხსენებ შემთხვევას, როდესაც გაეჭრას სფფ-ს და ქართული კლუბების თხოვნას და ევროტურნირებზე თუ სანაკრებო შეხვედრებზე მსაჯების მიერ ჩვენი ფეხბურთელებისთვის მიცემული საკამათო წითელ-ყვითელი ბარათების ანულირება მოეხდინოთ.

უეფას სიმკაცრეზე ჩვენზე არანაკლებ ბევრს ისაუბრებენ სხვა ქვეყნების ქომაგები. სიმკაცრის კუთხით ამ ორგანიზაციის შეუვალობა ხომ საყოველთაოდაა ცნობილი. ხოლო, როდესაც შედომა თავად მოსდით, ეს თითქოს არც არაფერს ნიშნავს. უეფაში ვინმეს რამე შეეშლება? მარტივად გრძელდება ცხოვრება და ერთი კაციც კი არ ისჯება იმის გამო, რომ მაგალითად გუნდს რომელმაც იცოდა, რომ ამსტერდამის “აიაქსს“ უნდა შეხვედროდა, შემდეგ უცებ უთხრეს, რომ მრისხანე “ლივერპულს“ უნდა ეთამაშოს. ეს რანაირი სამართალია? ეს სადაური წესია? მათი პასუხი მარტივია - სადაური წესია და უეფას წესია! გასდით და აკეთებენ! ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამ ორგანიზაციის არაპროფესიონალიზმს მთავარი რამ - ფეხბურთი და მისი მომავალი ეწირება.

0.120824