საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფში ბულგარეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.
„ჯვაროსნებს“ სამივე მეტოქის წინააღმდეგ უთამაშია და თანაც არაერთხელ. შესაბამისად, ყველას კარგად იცნობს და წარსულიდან გამომდინარე, მოტივაცია განსაკუთრებული უნდა ჰქონდეს, განსაკუთრებით, ჩრდ. მაკედონიისა და ბულგარეთის წინააღმდეგ, რადგან რევანში ნამდვილად საჭიროა. მომავალ მეტოქეებთან ურთიერთშეხვედრების ისტორია ასეთია:
V გიბრალტარი - 4 მატჩი, 4 მოგება, 0 ფრე, 0 წაგება, 13:2 ბურთების ბალანსი
ჯგუფში გიბრალტარის ნაკრები ერთადერთია, რომელთანაც საქართველოს ნაკრებს დადებითი ბალანსი აქვს, თანაც 100%-იანი: 4 მატჩი და 4 მოგება. პირველად ეს გუნდები ევრო 2016 წლის შესარჩევ ეტაპზე შეხვდნენ. 2014 წლის 14 ოქტომბერს, საქართველომ მეტოქეს ნიკა გელაშვილის, თორნიკე ოქრიაშვილისა და ჯაბა კანკავას გოლებით 3:0 მოუგო, ხოლო 2015 წლის 8 ოქტომბერს, თბილისში მასპინძლებამ 4:0 იმარჯვეს, მათე ვაწაძის დუბლით, თორნიკე ოქრიაშვილისა და ვაკო ყაზაიშვილის გოლებით.
შემდეგ იყო ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპი. თბილისში, საქართველომ 2019 წლის 7 ივნისს, ვაკო გვილიას, გიორგი პაპუნაშვილისა და ვატო არველაძის გოლებით 3:0 მოიგო, ხოლო იმავე წლის 15 ოქტომბერს, გიბრალტარში ძალიან დაძაბული მატჩი შედგა, რომელშიც ქართველებმა 3:2 იმარჯვეს. ვლადიმირ ვაისის გუნდი გიორგი ხარაიშვილისა და ჯაბა კანკავას გოლებით სწრაფადვე ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა, მაგრამ ლი კაშიარომ და როი ჩიპოლინამ წონასწორობა აღადგინეს. გამარჯვების გოლი 84-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ გაიტანა.
V ჩრდ. მაკედონია - 3 მატჩი, 0 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება, 2:3 ბურთების ბალანსი
საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან სამჯერ უთამაშია და ბალანსია უარყოფითია - 2 ფრე, 1 წაგება. პირველი დაპირისპირება 2020 წლის 8 სექტემბერს თბილისში შედგა და თორნიკე ოქრიაშვილის გოლს შტეფან რისტევსკიმ უპასუხა. იგივე ანგარიშით დასრულდა ერთი თვის შემდეგ, 14 ოქტომბერს, სკოპიეში მატჩი, სადაც ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე ეზგიან ალიოსკიმ პენალტით გაათანაბრა. ერთა ლიგის გათამაშებაში ორი 1:1-ს შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას მესამედ ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში შეხვდა, ორივე ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში. სამწუხაროდ, გამარჯვება გორან პანდევის გოლით სტუმრებმა მოიპოვეს და ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ.
V ბულგარეთი - 6 მატჩი, 1 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება, 7:21 ბურთების ბალანსი
ბულგარეთის ნაკრებთან საქართველოს ყველაზე მეტჯერ უთამაშია და ყველაზე ცუდი ბალანსიც აქვს: 1 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება. პირველად ეს ევრო 1996-ის შესარჩევ ეტაპზე მოხდა. 1994 წლის 12 ოქტომბერს, ბულგარელებმა შინ ემილ კოსტადინოვის დუბლით 2:0 მოიგეს, ხოლო საქართველომ 1995 წლის 11 ოქტომბერს, შოთა არველაძისა და გიორგი ქინქლაძის გოლებით ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვა (სტუმართაგან ხრისტო სტოიჩკოვმა გაიტანა). ეს ბულგარელებთან დღემდე ერთადერთი გამარჯვებაა.
ამას მოჰყვა 2005 წლის 12 ნოემბერს, ამხანაგური მატჩი, რომელიც საქართველომ 2:6 წააგო: დუბლები შეასრულეს ჩავდარ იანკოვმა, დიმიტარ ბერბატოვმა და სვეტოსლავ ტოდოროვმა, ქართველთაგან კი ლაშა ჯაკობიამ და გოგიტა გოგუამ იხეირეს. მერე იყო ორი თამაში მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და 2008 წლის 15 ოქტომბერს, თბილისში გოლი არ გასულა. სამაგიეროდ, 2009 წლის 14 ოქტომბერს, ბევრი გოლი გავიდა და ბულგარეთმა ისევ 6:2 მოიგო... დიმიტარ ბერბატოვმა ამჯერად ჰეთ-თრიქი შეასრულა, ორჯერ მარტინ პეტროვმა გაიტანა და ერთხელ სტანისლავ ანგელოვმა. საქართველოს ნაკრებიდან თავი ლადო დვალიშვილმა და ლევან კობიაშვილმა გამოიჩინეს. ბოლო დაპირისპირება სულ ახლახან შედგა, 8 სექტემბერს, სოფიაში ამხანაგური მატჩი და ისევ დიდი ანგარიშით მარცხი - 1:4. ტედორ ნედელევმა, დიმიტარ ილიევმა, სპას დელევმა და ანდრეა ჰრისტოვმა იხეირეს, რასაც ზურიკო დავითამაშვილმა უპასუხა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მთავარ კონკურენტებთან რევანში ნამდვილად ასაღები აქვს და უკეთეს შესაძლებლობაც ვერც ინატრებდა. დანარჩენი უშუალოდ მოედანზე უნდა გამოჩნდეს. ოთხი მატჩი ივნისში გაიმართება, ორი სექტემბერში.