ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იასენ პეტროვმა ერთა ლიგის წილისყრა შეაფასა. საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქის თავკაცი წილისყრით ბედნიერია და მიზნად ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაც დაისახა.
„ვფიქრობ, ჩვენთვის კარგი წილისყრა იყო. არცერთი მეტოქის დაუფასებლობას ადგილი არ აქვს, რადგან ამ პოზიციაზე არ ვართ, მაგრამ ბედნიერები ვართ და ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა. თითოეულ მეტოქეს პატივს ვცემთ და ასეც უნდა იყოს. ერთმანეთის მიყოლებით 4 თამაში გვექნება, რაც ჩვენთვის გამოწვევაა, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს და ბედნიერ დღესასწაულებს ადამიანებს, რომელთანაც ერთად ვმუშაობთ, რომ წარმატებული 2022 წელი გვქონდეს, ეჭვიც არ მეპარება, რომ ასე იქნება. ჯანმრთელობა და წარმატებები ყველა ბულგარელს“, - თქვა პეტროვმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ბულგარეთთან ისტორიაში ექვსჯერ უთამაშია და ერთხელ იმარჯვა, ერთხელ ფრეს დასჯერდა და ოთხჯერ წააგო. მათ შორის, სექტემბერში, ამხანაგურ მატჩში - 1:4.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები ივნისსა და სექტემბერში გაიმართება, კალენდარი ჯერჯერობით უცნობია.