საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონში ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ბულგარეთთან და გიბრალტართან ერთად ითამაშებს. წილისყრა მაკედონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ შეაფასა.
როგორც მან განაცხადა, საქართველოს ნაკრებს ბოლო პერიოდიდან გამომდინარე იცნობენ და ჯგუფში მაქსიმალურად დახარჯვა იქნება საჭირო.
„რთული ჯგუფია, მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში არ არსებობს ადვილი მეტოქე, ან წინასწარ მოპოვებული ქულები. წინ სერიოზული თამაშები გველოდება. საქართველოს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში გარკვეული მატჩები ჩავატარეთ. ბულგარეთმა ევროპის ჩემპიონ იტალიასთან ფრე ითამაშა და ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს. გიბრალტარი, რა თქმა უნდა, არ არის ის გუნდი, რომელსაც D ლიგაში ვეთამაშეთ. ჩრდილოეთ მაკედონია ყველა მატჩში უმაღლეს დონეზე უნდა იყოს მზად, დღევანდელი ფეხბურთი უბრალოდ არ გაპატიებს განსხვავებულ მიდგომას“, - თქვა მილევსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ერთა ლიგამდე მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში ითამაშებს, სადაც იტალიას პალერმოში ესტუმრება.
საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას სამჯერ შეხვედრია და სამჯერვე 2020 წელს: სექტემბერში, თბილისში მატჩი 1:1 დასრულდა, ოქტომბერში სკოპიეში კი ასევე 1:1 (ორივე თამაში ერთა ლიგის წინა სეზონში შედგა), ხოლო ნოემბერში, ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში თბილისში სტუმრებმა 1:0 მოიგეს.
ერთა ლიგის ოთხი ტური ივნისში გაიმართება, ორიც სექტემბერში. ამ ეტაპზე ზუსტი კალენდარი გარკვეული არაა.