„ბარსელონას“ ფეხბურთელმა სერხიო აგუერომ კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება 33 წლის თავდამსხმელმა გააკეთა. არგენტინელმა კარიერის გაგრძელება გულის არითმიის გამო ვერ მოახერხა და კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწია.
„აქ იმისთვის ვარ, რომ ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განცხადება გავაკეთო. ჩემთვის რთული მომენტია, მაგრამ მთავარი ჯანმრთელობაა. კარიერის დასრულების მიზეზი ის პრობლემაა, რაც დაახლოებით ერთი თვის წინ შემექმნა. შესანიშნავი ექიმების ხელში ვარ, რომლებმაც ჩემთვის ყველაფერი გააკეთეს. ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ კარიერის გაგრძელების დიდი იმედი ვერ მომცეს.
მადლობას ვუხდი ყველა გუნდს, რომელმაც მომცა თამაშის შანსი „ინდეპენდიენტედან“ „ბარსელონამდე“, „მანჩესტერ სიტისა“ და „ატლეტიკოს“. კარიერას თავაწეული და ძალიან ბედნიერი ვასრულებ. არ ვიცი, მომავალში რა მელის, მაგრამ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს ვუხდი მადლობას, ვინც ჩემთან ახლოს იყო“, - თქვა აგუერომ.
შეგახსენებთ, სერხიო აგუერომ კარიერა „ინდეპენდიენტეში“ დაიწყო და 2002-2006 წლებში 56 მატჩში 23 გოლი გაიტანა. 2006-2011 წლებში კუნმა „ატლეტიკოს“ რიგებში ჩატარებულ 234 შეხვედრაში თავი 102-ჯერ გამოიჩინა, 2011-2021 წლებში კი „მანჩესტერ სიტიში“ 390 მატჩში 260 გოლი გაიტანა და ინგლისური კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. „ბარსელონას“ ის ზაფხულში შეუერთდა, 5 თამაშში 1 გოლი გაიტანა, მისი ბოლო თამაში კი „ალავესთან“ გამოდგა, როცა პირველივე ტაიმში გულის პრობლემის გამო მოედანი იძულებით დატოვა.
არგენტინის ნაკრებში სერხიო აგუერომ 2006-2021 წლებში 101 მატჩში მეტოქეები 41-ჯერ დაამწუხრა. არგენტინელმა ფორვარდმა 5-ჯერ პრემიერლიგაში მოიგო, ორჯერ ინგლისის ასოციაციის თასი, 6-ჯერ ინგლისის ლიგის თასი, სამჯერ კი ინგლისის სუპერთასი. „ატლეტიკოსთან“ ერთად აგუერო თითოჯერ ევროპა ლიგისა და ევროპის სუპერთასის გამარჯვებული გახდა, არგენტინის ნაკრების რიგებში კოპა ამერიკა გასულ ზაფხულს მოიგო, 2014 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.