სხვა

2:10 | 15.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

უსიკი მზადაა, კანელოსთან შესახვედრად კრეისერის წონაში დაბრუნდეს

უკრაინელი მძიმეწონოსანი მოკრივე ალექსანდრ უსიკი ამბობს, რომ მექსიკელ კანელო ალვარესთან შესახვედრად, მზადაა კრეისერის წონაში (91 კგ) მცირე ხნით დაბრუნდეს. ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძიმე წონაში მის მიერ, ენტონი ჯოშუას ძლევით მოპოვებულ ტიტულებს შეუნარჩუნებენ.

34 წლის უსიკი კრეისერის წონაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონია. მაგრამ მძიმე წონაში გადასვლის შემდეგ, ყველა თავისი ნებით დათმო. ჯოშუას დამარცხების შემდეგ, ის WBO-ის, WBA-ის და IBF-ის ტიტულებს დაეუფლა. ერთადრთი პრესტიჟული ორგანზაცია, რომლის სარტყელიც მის ხელთ არაა, WBC-ოა, რომლის ჩემპიონიც ტაისონ ფიურია.

ჯოშუამ უსიკთან რემატჩის უფლება გაააქტიურა. სავარაუდოდ, ისინი განმეორებით შეხვედრას გაზაფხულზე გამართავენ. თუმცა არის იმის შანსიც, რომ ჯოშუამ უსიკს ფიურისთან შეხვედრის საშუალება მისცეს.

რაც შეეხება 31 წლის ალვარესს, მექსიკელი სუპერ ვარსკვლავი კრეისერის წონაში გადასვლას აპირებს. მას უკვე ოთხ წონაში აქვს მოპოვებული საჩემპიონო ტიტულები. და მეხუთეს მოგების შანსი მალე მიეცემა - WBC-მ მას საკუთარ ჩემპიონ ილუნგა მაკაბუსთან შეხვედრის უფლება მისცა.

უსიკს კითხეს, რას იტყვის კანელოსთან შესაძლო შეხვედრის შესახებ, რაზეც მან უპასუხა: „თუ მას ჩემთან კრივი სურს, მე შემიძლია, მცირე დროით კრეისერის წონაში დავბრუნდე. ოღონდ იმ პირობით, თუ მძიმე წონაში სარტყლები მე დამრჩება. რადგან მოგვიანებით, აქ ისევ დავბრუნდები“.

0.062272