სხვა

0:47 | 12.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარკო ოდერმატმა ვალ დ’იზერის გიგანტური სლალომი მოიგო

საფრანგეთის ვალ დ’იზერში გამართული გიგანტური სლალომის რბოლა, შვეიცარიელმა მარკო ოდერმატმა მოიგო. ამ გამარჯვებით, მან მსოფლიო თასზე აბსოლუტურ ჩათვლაში ლიდერის პოზიცია გაიმყარა. მეორე და მესამე ადგილები ფრანგმა ალექსის პინტურომ და ავსტრიელმა მანუელ ფელერმა დაიკავეს.

ოდერმატისთვის ეს ამ სეზონში მესამე გამარჯვებაა. პირველი რბოლა ავსტრიის ზოლდენში, გიგანტურ სლალომში მოიპოვა, მეორე კი - სუპერ გიგანტში, რომელიც ამერიკის ბივერ კრიკში ჩატარდა. 24 წლის ოდერმატისთვის ეს კარიერაში მხოლოდ მეოთხე გიგანტური სლალომია.

ოდერმატი პირველივე ცდის შემდეგ დაწინაურდა. ის 0.32 წამს უგებდა პინტუროს, მესამეზე კი ხორვატი ფილიპ ზუბჩიჩი იყო, ლიდერთან 0.33-წამიანი ჩამორჩენით.

რბოლა რთულ პირობებში ჩატარდა - წინა დღეს ძლიერ თოვდა და 60 სანტიმეტრის სისქის თოვლი დადო. პირველი ცდა ნისლში ჩატარდა. მეორე ცდაზე კი პირობები გაუმჯობესდა.

ნორვეგიელმა ჰენრიკ კრისტოფერსენმა, ვისაც გიგანტურ სლალომში ბროლის გლობუსი ოთხჯერ აქვს მოგებული, პირველმა შეძლო ორი ცდის ჯამში, ორ წუთსა და 14 წამზე ნაკლების დაფიქსირება. თუმცა მალე მისი დრო ფელერმა გააუმჯობესა. ზუბჩიჩმა შეცდომა დაუშვა და მეორე დრო ვერ დააფიქსირა. ბოლოს კი პინტურომ და ოდერმატმა ყველა ჩამოიტოვეს.

„ასე ცუდად რბოლისთვის ადრე არასდროს მოვმზადებულვარ. მაგრამ მაინც კარგად ვიასპარეზე და მიხარია, რომ გამარჯვება მოვიპოვე“, - განაცხადა შვეიცარიელმა, ვინც გიგანტურ სლალომში მსოფლიო თასის გათამაშებას სათავეში უდგას. ის აბსოლუტურ ჩათვლაშიც ლიდერია.

0.115948