ავტოსპორტი

20:47 | 11.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენი სეზონის ბოლო რბოლას პოულიდან დაიწყებს

მიმდინარე სეზონის ბოლო ეტაპის, აბუ დაბის დიდი პრიზის რბოლას, პოულ პოზიციიდან დაიწყებს მაქს ფერსტაპენი. მან საკვალიფიკაციო რბოლის ბოლო ნაწილში, პირველივე ცდაზე დააფიქსირა დრო, რომელიც ყველასთვის, მათ შორის, ლუის ჰამილტონისთვისაც მიუწვდომელი აღმოჩნდა.

ჰამილტონი პრაქტიკებზე დომინირებდა, მაგრამ ფერსტაპენმა კარგად ისარგებლა წინ მიმავალ თანაგუნდელ სერხიო პერესის მიერ შექმნილი სლიპსტრიმით და ისეთი დრო დააფიქსირა, რომელსაც ორი ცდით ვერცერთი მეტოქე ვერ შესწვდა. „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა თქვა კიდეც, რომ შესაძლოა, ეს მაქსის კარიერაში საუკეთესო წრეც კი იყოს.

მან იქვე განმარტა, რომ სწრაფ „მერსედესთან“ მეტნაკლებად გასათანაბრებლად, ბოლო სექტორის წინ, ინჟინრებმა ფერსტაპენის მანქანა ისე მომართეს, რომ ჩაჭიდების შემცირების ხარჯზე, შემხვედრი ჰაერის წინააღმდეგობა შემცირებულიყო, რითაც სწორზე სიჩქარე გაიზარდა. შესაბამისად, მანქანის კონტროლი გაცილებით გართულდა.

მაგრამ მაქსმა ამოცანას თავი შესანიშნავად გაართვა და რბოლის დასაწყისისთვის, კარგი ფორა მოიპოვა. ჰამილტონი მეორე ადგილს დასჯერდა, თუმცა ამითაც კმაყოფილი დარჩა - ბრძოლისთვის ესეც კარგი პოზიციააო. ბრიტანელი პოულის დროს 0.371 წამით ჩამორჩა.

სტარტზე მესამე პოზიციას „მაკლარენის“ ლანდო ნორისი დაიკავებს, ვინც ორივე ლიდერის თანაგუნდელები ჩამოიტოვა. მას გვერდს პერესი დაუმშვენებს.

აბუ დაბის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდა, რედ ბული) 1'22.109
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.371
  3. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 0.822
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.838
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.883
  6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 0.927
  7. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1.013
  8. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1.111
  9. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1.280
  10. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1.300
  11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1.351
  12. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1.934
  13. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1.957
  14. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 2.142
  15. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 2.196
  16. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2.229
  17. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 2.314
  18. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 2.670
  19. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 2.797
  20. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 3.576
0.144811