ფეხბურთი

17:24 | 11.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი იტალიის ნაკრების შესაძლო დატოვებაზე: "ვნახოთ, რა მოხდება პლეი-ოფში"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ფრანგულ გამოცემა L’Equipe-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელსაც „სკუადრა აძურას“ შესახებ ესაუბრა.

მანჩინიმ არ გამორიცხა, რომ იტალიის ნაკრები დატოვოს და მისი მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებზეა დამოკიდებული.

„აქამდე ბევრი შესაძლებლობა გვქონდა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად, მაგრამ ის დეტალები, რომლებიც ადრე ჩვენს სასარგებლოდ მუშაობდა, ახლა საწინააღმდეგოდ ამუშავდა. შვეიცარიასთან ორივე თამაშში ვდომინირებდით, მაგრამ ერთიც ვერ მოვიგეთ. დასანანია, მაგრამ ეს უკვე მოხდა. ახლა მხოლოდ მომავალზე უნდა ვიფიქროთ. ვიცით, რომ გამარჯვებისთვის საჭირო თვისებები გვაქვს და წარმატებას მივაღწევთ.

თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გახვალ, ოთხი წელი უნდა ელოდო, რაც ფეხბურთელის კარიერაში დიდი დროა. დღეს ისევ რთულ სიტუაციაში ვართ, ყატარში წასასვლელად ორი მატჩი უნდა მოვიგოთ, თუმცა ეს შეგვიძლია, რადგან შესანიშნავი გუნდი ვართ და ახლახან ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ. ეს იმის დასტურია, რომ ფეხბურთში ზოგჯერ მიუხედავად იმისა, რომ იმსახურებ, გამარჯვებას ვერ ახერხებ. მუნდიალზე კვალიფიცირებას ვიმსახურებდით, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. თუმცა, სწორედ სირთულეების დროს უნდა ვიყოთ ძლიერები.

იტალიას კარგად ვიცნობ, იტალიურ ფეხბურთს და მის შემოგარენს. შეუძლებელი იყო, რომ ფეხბურთელებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვერგასვლის გამო თვისებები დაეკარგათ. პირველი ამხანაგური მატჩი ნიცაში საფრანგეთთან მქონდა და მიუხედავად იმისა, რომ 1:3 წავაგეთ, მივხვდი, რომ დისტანცია დიდი არ იყო. შეგვეძლო ანგარიშის გათანაბრებაც და იმ საღამოს მივხვდი, რომ არცთუ შორს ვიყავით საფრანგეთის ნაკრებისგან. ჩემთვის მთავარი არა ფეხბურთელების ასაკი, არამედ მათი ტექნიკური თვისებებია.

იტალიამ 4 მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, 4 განსხვავებული სისტემით. არ ვფიქრობ, რომ მოგებისთვის საჭიროა სისტემა ან სტილი, თუმცა ევრო 2020-ზე ვეცადეთ, რომ უფრო თანამედროვე, ევროპული ფეხბურთი გვეთამაშა. ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ესპანეთის ნაკრებთან გაგვიჭირდა, რომელიც ბურთს ჩვენზე ბევრად კარგად ფლობს. ცხადია, რომ ჩვენი იდენტობა დაცვითი თამაშია, იმ გაგებით, რომ ვიცით, როგორ დავიცვათ თავი სხვებზე უკეთ. ეს არის ჩვენი ისტორია. თუმცა, უნდა შეგვეძლოს გოლის გატანაც და უნდა ვიცოდეთ, როგორ გავაკეთოთ ეს სხვადასხვა გზით.

ესპანეთთან შეწყვეტილი 37-მატჩიანი წაუგებელი სერია? მხოლოდ იმიტომ წავაგეთ, რომ 10 ფეხბურთელით დავრჩით, თორემ ამ მატჩსაც მინიმუმ ფრედ დავასრულებდით. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა გამარჯვებამ იტალიაში მთელ სპორტულ სამყაროს თავდაჯერება შესძინა და ხალხი გავახარეთ. დიდი ბედნიერება იყო.

ახლა პლეი-ოფს მარტამდე უნდა ველოდოთ, სამწუხაროდ და ეს არ მომწონს. მენატრება ყოველდღე გუნდის ვარჯიში, ყოველ სამ დღეში თამაში. ჩემი მომავალი? ვნახოთ, დღეს ძნელი სათქმელია. წინ მნიშვნელოვანი პლეი-ოფი გვაქვს და შემდეგ ვნახოთ, რა იქნება“, - აღნიშნა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრები 2018 წელს ჩაიბარა და ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, მაგრამ შესაძლოა, „სკუადრა აძურა“ დამდეგ წელს დატოვოს, თუ გუნდს მუნდიალზე ვერ გაიყვანა. მანჩინიმ იტალიის ნაკრებს ევრო 2020 მოაგებინა და 37-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ, რაც მსოფლიო რეკორდია.

იტალიელები ახლოს იყვნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვედრასთან, მაგრამ ბოლო ტურში შვეიცარიას 2 ქულით ჩამორჩნენ. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის წინააღმდეგ ორივე მატჩი ფრედ დასრულდა (0:0, 1:1) და ორივე მატჩში ჟორჟინიომ პენალტი ვერ გაიტანა, მათ შორის, მეორე შეხვედრას ბოლო წუთზე. ერთ-ერთი მაინც რომ გაეტანა, ახლა იტალია მუნდიალზე იქნებოდა. „აძურამ“ შესარჩევ ციკლში ევროპის ჩემპიონატამდე 3 მატჩში 9 ქულა მოიპოვა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფის შემდეგ გუნდს კრიზისი დაეწყო და მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირში ამის მერე ჩატარებული 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (4 ფრე) და სწორედ ამ პერიოდში დაკარგული ქულები დაუჯდა ძვირად.

იტალია 24 მარტს, პლეი-ოფის ნახევარფინალში პალერმოში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ფინალში სტუმრად პორტუგალია-თურქეთის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

0.113779