ფეხბურთი

10:26 | 11.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი: "ამჟამად ჩემი ერთადერთი მიზანი "ლივერპულის" დამარცხებაა"

სტივენ ჯერარდი „ენფილდ როუდზე“ მეტოქის რანგში ბრუნდება, რადგან მისი „ასტონ ვილა“ „ლივერპულს“ პრემიერლიგის მორიგ ტურში დაუპირისპირდება. „წითლების“ მიმართ განსაკუთრებული გრძნობის მიუხედავად, ჯერარდი არ მალავს, რომ მისი ერთადერთი მიზანი ახლა „ენფილდზე“ „ასტონ ვილასთან“ ერთად გამარჯვებაა.

„იქ კარგად მიცნობენ, ადგილობრივი ვარ, ლივერპულში გავიზარდე, ვბრუნდები იქ, სადაც მრავალი წელი გავატარე და ბედნიერი ვიყავი. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ახლა მხოლოდ „ასტონ ვილას“ საუკეთესოდ მომზადებაზე ვფიქრობ, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ. ცოტა მეღიმება, როცა ვფიქრობ, რომ „ლივერპულში“ ვბრუნდები მათ წინააღმდეგ სათამაშოდ, მაგრამ ეს ჩემი ერთადერთი მიზანია. კლოპი? იურგენის ყოველთვის მადლობელი ვიქნები, მისი წყალობით „ლივერპულის“ 19-წლამდე გუნდში ვმუშაობდი და მისგან ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ არ ველოდი, ასე მალე თუ დავუპირისპირდებოდი”, - თქვა ჯერარდმა.

შეგახსენებთ, სტივენ ჯერარდმა სამწვრთნელო კარიერა 2018 წელს „რეინჯერსში“ დაიწყო და გასულ სეზონში შოტლანდიის ჩემპიონი გახადა. მან „ასტონ ვილა“ ერთი თვის წინ ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით „ვილა პარკელებმა“ 4 მატჩიდან 3 მოიგეს (1 წაგება).

0.115292