‘შავმა ლომმა’ ‘ენისეისთან’ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე „ავჭალაზე“ კაპიტნის ვარჯიში გამართა. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ბიჭებმა გადაიმეორეს ის დავალებები, რაზეც მთელი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ.
რაგბი ევროპის სუპერ თასის მეექვსე ტურის შეხვედრა ხვალ, 11 დეკემბერს 17 საათზე დაიწყება და კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით, „ავჭალაზე“ მაყურებელთა მესამედი დაიშვება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ მისამართზე – www.TKT.ge/rugby.
გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე მწყობრშია, თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს და საინტერესო შეხვედრის მოლოდინშია:
„ცოტა გასაკვირი იყო, ის რაც გასულ კვირაში დაგვემართა, მაგრამ ვერავის ვერაფერს დავაბრალებთ. როდესაც ძალიან დიდი უპირატესობა გაქვს და ამას ვერ იყენებ, ასე ხდება ხოლმე. მაგრამ ახლა ‘ენისეისთან’ თამაშისთვის ვემზადებით და მთელი კვირა დიდი მონდომებით ვივარჯიშეთ. ვფიქრობ, ძალიან კარგ ფორმაში ვართ და ხვალ თითოეული ჩვენთაგანი მოედანზე შესაძლებლობების მაქსიმუმს გაიღებს“.
„რაც შეეხება მეტოქეს, ის ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. ‘ენისეი’ სტრუქტურულად კარგად აწყობილი გუნდია, რომელსაც ზურგს უმაგრებს ფინანსები და შესაბამისად, ყავს მაღალი ხარისხის მოთამაშეები, მათ შორის ლეგიონერები. მას ჩელენჯ ქაფზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა მიმაჩნია, რომ მათ დასამარცხებლად მზად ვართ“.
‘ენისეის’ ძლიერ და საინტერესო მეტოქედ მიიჩნევს ‘შავი ლომის’ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი:
„ვეთამაშებით რუსეთის ნაკრების საბაზო გუნდს, რომელიც გაძლიერებულია სამხრეთ აფრიკელი ლეგიონერებით. ‘ენისეის’ ბიუჯეტი საქართველოს რაგბის კავშირის ბიუჯეტს აღემატება და წელიწადში რამდენჯერმე ახერხებენ გრძელვადიანი, უცხოური შეკრებების მოწყობას. აქვთ ჩელენჯ ქაფზე თამაშის გამოცდილება და რამდენიმე ტოპ 14-ის გუნდიც დაამარცხეს. ყავთ ინდივიდუალისტები და სწრაფად შლიან ბურთს, თუმცა ჩვენ მეტოქეს მომზადებული ვხვდებით და საკუთარი უპირატესობის გამოყენებას ვეცდებით“.