ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ბელგრადის „პარტიზანთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. კვიპროსული გუნდი გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გავიდოდა, მაგრამ მიზნამდე ცოტა დააკლდა და ჯგუფური ბარიერი ვერ დაძლია.
ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ შედეგით იმედგაცრუებულია, მაგრამ მისმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რომ წარმატებისთვის მიეღწია.
„შანსი ბოლო წუთამდე გვქონდა. ჩვენს გულშემატკივარს სიამაყის საფუძველი ისევ მივეცით. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, ისინი ბოლო წუთამდე იბრძოდნენ. ცოტა რომ გაგვმართლებოდა, მეორე გოლის გატანაც შეგვეძლო. ორივე გუნდისთვის ძალიან მძიმე მოედანზე ვითამაშეთ და ჩვენი ევროპული თავგადასავალი დასრულდა. კარგი იყო და გამოცდილება მივიღეთ, მაგრამ ახლა ჩემპიონატზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრაცია, რადგან ეს ჩვენი მთავარი მიზანია.
ევროპაში თამაში სულ სხვანაირია, თუმცა ეს ნიშნავს, რომ კვიპროსის ჩემპიონატში ნაკლებად უნდა დავიხარჯოთ. ქულები დავკარგეთ, მაგრამ 5-6 ქულით მეტი უნდა გვქონდეს და ლიდერებთან უფრო ახლოს ვიქნებოდით. თუმცა ეს საბაბი არ არის, ბევრი შეცდომა დავუშვით, რადგან ორ ფრონტზე ვიბრძოდით. ახლა ჩემპიონატზე ვიქნებით კონცენტრირებული და იმედი მაქვს, რომ ვითარება შეიცვლება. თამაშით იმედგაცრუებული არ ვარ, მაგრამ შედეგით კი.
ჩვენ სხვა გუნდებთან შედარებით გაცილებით რთულ მდგომარეობაში ვიყავით, რადგან სახლში ვერ ვთამაშობდით. თუ ამ სტადიონს (ბელგრადის „პარტიზანის“ სტადიონს - რედ) აქვს მატჩების მასპინძლობის უფლება, მაშინ არმგონია, რომ „პაპადოპულოსმა“ ვერ შეძლოს მასპინძლობა, რადგან არაფრით ჩამოუვარდება. კარგი ის არის, რომ კლუბს 1 მილიონი ევრო მოვუტანეთ.
ჩვენ არ ვართ თამაშით იმედგაცრუებულები, არამედ შედეგით და შეცდომებით. ზოგიერთ მატჩში არ გაგვიმართლა. ბევრი უნდა ვიმუშაოთ და უკეთ გამოვიდეთ. ახლა დასვენება გვჭირდება, რადგან დიდი ენერგია დავხარჯეთ და „დოქსასთან“ რთული მატჩი გველოდება“, - თქვა ქეცბაიამ.
შეგახსენებთ, „ანორთოსისმა“ კონფერენს ლიგაზე ჯგუფში 6 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და „პარტიზანს“ 2 ქულით ჩამორჩა.