ფორმულა 1-ის სარბოლო დირექტორი მაიკლ მასი ამბობს, რომ აბუ დაბის რბოლისას, ტიტულისთვის მებრძოლ პილოტებს შორის შეჯახების შემთხვევაში, სტიუარდები დამნაშავეს ქულებს ჩამოაწერენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მეთოდით ტიტულის მოპოვება შეუძლებელი იქნება.
ეს გაფრთხილება პირველ რიგში, მაქს ფერსტაპენს ეხება, ვინც ორივე პილოტის უქულოდ დარჩენის შემთხვევაში, ჩემპიონი გახდება. მას უპირატესობას აძლევს ის გარემოება, რომ 9 მოგება აქვს, ერთით მეტი, ვიდრე ლუის ჰამილტონს.
მათ შორის ამ სეზონში სამი შეჯახება მოხდა. ამასთან, ფერსტაპენი საუდის არაბეთის დიდი პრიზის რბოლისას ძალიან ხისტი იყო, რის გამოც, საჯარიმო წამებით დაისაჯა. თუმცა ასეთი ჯარიმები აბუ დაბიში ნაკლებად პროდუქტიული იქნება. ამიტომ მასიმ და მისმა გუნდმა მრბოლები და მათი გუნდები წინასწარ გააფრთხილეს მოსალოდნელი სანქციების შესახებ.
შეჯახების მეშვეობით ტიტულის მოპოვებას და ამის მცდელობებს ადგილი ადრე არაერთხელ ჰქონია. მასის და საერთოდ, ფორმულა 1-ს კი სურთ, რომ ტიტულის ბედი სამართლიან ბრძოლაში გაირკვეს და არა რბოლის შემდეგ, გარჩევების და სანქციების შედეგად.
„სხვა ადამიანების კონტროლი არ შემიძლია. ამის შესაძლებლობა მხოლოდ თავად შეუძლიათ. მაგრამ არსებობს წესები, რომლებიც მათი დაჯარიმების საშუალებას გვაძლევს. შეგვიძლია, მათ საბოლოო შედეგს დრო მოვუმატოთ, შეგვიძლია სტარტზე უკან დავწიოთ. უფრო მეტიც, მსაჯებს აქვთ იმის უფლებაც, რომ წესის დამრღვევი დისკვალიფიკაციით, ან ქულების ჩამორთმევითაც კი დასაჯონ“, - ამბობს მასი და იმედს გამოთქვამს, რომ ასეთი მეთოდების გამოყენება საჭირო არ გახდება.