კალათბურთი

11:22 | 9.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: "პეისერსმა" "ნიქსს" დიდი სხვაობით აჯობა, ბითაძემ დროზე მეტი შედეგი აჩვენა (+VIDEO)
"მილუოკი ბაქსი" "მაიამი ჰიტთან" დამარცხდა - მამუკელაშვილი არ ათამაშეს

ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ 2 გამარჯვება მოიპოვა „ინდიანა პეისერსმა“, რომელიც პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის, თუმცა, ეს ძალიან გაუჭირდება.

რიკ კარლაილის გუნდი „ნიუ იორკ ნიქსს“ შეხვდა, რომელიც თითქმის ანალოგიურ სიტუაციაშია და საკმაოდ ადვილად, 20-ქულიანი სხვაობით 122:102 აჯობა.

62 წლის ამერიკელმა სპეციალისტმა დღევანდელ შეხვედრაში გოგა ბითაძე ატამაშა, თუმცა კვლავ მცირე დროით. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 3:55 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. 22 წლის ცენტრმა ფარის მიმართულებით ერთხელ ისროლა და ისიც ზუსტი გამოდგა.

„პეისერსი“ მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა. მათ პირველი სამი მეოთხედი 7, 6 და 7 ქულით იმარჯვეს, ხოლო დასკვნითი 12-წუთეული ფრედ - 26-26 დასრულდა.

ქულების მხრივ საუკეთესო სამეული „ინდიანას“ კალათბურთელებმა გადაინაწილეს. დუარტეს 23 ქულასთან ერთად 3 მოხსნა და 6 პასი ჰქონდა, ტერნერს 22 ქულა და 4 მოხსნა, ხოლო დომანტას საბონისმა 21 ქულით, 11 მოხსნიტა და 4 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი მიითვალა.

დამარცხებულთა გუნდიდან კი არ ჯეი ბარეტი 19 ქულით, 2 მოხსნითა და 3 პასით, რენდლი კი 18 ქულით, 8 მოხნითა და 2 პასით გამოირჩა.

ორივე გუნდიდან 10-ზე მეტი ქულა 10-მა კალათბურთელმა ჩააგდო. ყველაზე ცუდი შედეგი კი დუეინ ვაშინგტონს ჰქონდა, რომელმაც მხოლოდ 2:30 წუთი ითამასა.

„ინდიანას“ 11 გამარჯვების წილ 16 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. გოგა ბითაძე და მისი გუნდი მომდევნო მატჩს 11 დეკემბერს, „დალას მავერიქსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. „ნიქსს“ კი 12 მოგებითა და 13 წაგებით მე-11 პოზიცია უჭირავს და 11 დეკემბერს, სტუმრად „ტორონტო რეპტორსს“ შეხვდება.

დღეს ითამაშა სანდრო მამუკელაშვილის "მილუოკი ბასქმა", რომელსაც "მაიამი ჰიტმა" რევანში აუღო და 9-ქულიანი სხვაობით 113:104 დაამარცხა.

4 დღის წინ გამართულ ამავე წყვილის დაპირისპირებაში სანდრო მამუკელაშვილი პირველად სასტარტო ხუთეულში იყო. მან პარკეტზე 21:05 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. თუმცა, მაიკ ბუდენჰოლცერმა 22 წლის ფორვარდი დღეს საერთოდ არ ათამაშა მიუხედავად იმისა, რომ სამატჩო განაცხადში იყო.

იანის ანტეტოკუმპო, რომლისგანაც ყოველთვის საუკეთესო შედეგებს ველთ, ჩვეული შედეგიანობით ვერ გამოირჩა. ბერძენმა კალათბურთელმა 15 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.

ხოლო საუკეთესო მარტინ ქეილები იყო, რომელმაც 28 ქულასთან ერთად 8 მოხნა, 3 პასი და 2 დაფარება გამოიმუშავა. "ჰიტის" ფორვარდმა 8-დან 6 სამქულიანი, 4-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

"მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 16 გამარჯვებით და 10 მარცხით მე-3 ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო მატჩს 11 დეკემბერს, სტუმრად "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.116458