ავსტრალიის ღია პირველობის შვიდგზის ჩემპიონი სერენა უილიამსი, მელბურნში მომავალ წელს არ ითამაშებს.
უიმბლდონზე, ტრავმის გამო პირველ წრეში გამოთიშვის შემდეგ, 40 წლის სერენას არსად უთამაშია. ის ამჟამად რეიტინგში 41-ე ადგილზეა. ბოლოს დიდი სლემის ტიტული (კარიერაში 23-ე) 2017 წელს, ავსტრალიაში მოიპოვა. წელს მან მელბურნში ნახევარფინალს მიაღწია, სადაც ნაომი ოსაკასთან წააგო.
როგორც ტურნირის ორგანიზატორები ამბობენ, სერენა მელბურნში, მისი სამედიცინო გუნდის მიერ მიღებული რჩევის გამო ვერ ითამაშებს. სერენა ამბობს, რომ ასეთ ტურნირზე სათამაშოდ, საჭირო ფიზიკურ მდგომარეობაში არაა.
„მელბურნი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ქალაქია და ავსტრალიის ღიაზე თამაში ყოველთვის მიხარია. იქაური ფანების ნახვა და მათი ქომაგობა მენატრება“, - ამბობს სერენა.
მამაკაცთა ბადეში, სიაში პირველი ადგილი ნოვაკ ჯოკოვიჩს უკავია. ეს იმის იმედს აჩენს, რომ სერბი ჩოგბურთელი მელბურნში ითამაშებს. თუმცა კორონვირუსთან დაკავშირებული მკაცრი შეზღუდვების გამო, ეს საკითხი კვლავაც აქტუალურია.