სხვა

23:40 | 8.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

როი ჯონსი და ჯეიმს ტონი კრივის დიდების დარბაზში

როი ჯონს უმცროსი და ჯეიმს ტონი, რომლებიც ერთხელ რინგზეც შეხვდნენ ერთმანეთს, კრივის საერთაშორისო დიდების დარბაზში დაიმკვიდრებენ ადგილს. ოფიციალური ცერემონია 12 ივნისს გაიმართება.

იმავე ცერემონიაზე, დიდების დარბაზში ასევე შეიყვანენ ოთხი წონითი დივიზიონის ყოფილ ჩემპიონ მიგელ კოტოს (პუერტო რიკო). ქალთა კრივის დიდების დარბაზში შევლენ რეჯინა ჰალმიხი (გერმანია) და ჰოლი ჰოლმი (აშშ).

იმავე ცერემონიაზე ჩატარდება 2020 და 2021 წლების ცერემონიები, რომლეიც კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. 2020 წლის ნომინაციით, დიდების დარბაზის წევრები გახდნენ ბერნარდ ჰოპკინსი და შუგარ შეინ მოსლი. 2021 წლის ლაურეატები არიან ფლოიდ მეივეზერი და ლაილა ალი (მუჰამედ ალის შვილი).

ჯონსი და ტონი ერთმანეთს 1994 წლის ნოემბერში, ლას ვეგასში შეხვდნენ ერთმანეთს. იმ დროისთვის ორივე დაუმარცხებელი იყო. მათ IBF-ის ზესაშუალო წონის (76 კგ) ტიტული ელოდათ. ჯონსი აშკარად დომინირებდა და 12-რაუნდიან ბრძოლაში, მისი უპირატესობა სამივე მსაჯის ბარათზე დაფიქსირდა.

ჯონსი ახლა 52 წლისაა. ის თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავია. 66 ბრძოლა მოგებული აქვს (47 ნოკაუტით), ცხრაჯერ კი რინგი წაგებულმა დატოვა. ის ტიტულებს ოთხ წონაში დაეუფლა. ყველაზე დაბალი წონა ქვესაშუალოა (70 კგ), ყველაზე მაღალი კი - მძიმე.

2003 წლის მარტში მან მძიმე წონის WBA-ის ტიტულისთვის ბრძოლა გამართა ჯონ რუისთან და ქულებით დაამარცხა. ჯონსი გახდა პირველი მოკრივე, ვინც ქვესაშუალო წონის ტიტულით დაიწყო და მძიმეს ტიტულით დააგვირგვინა. ამასთან მაიკლ სპინკსის შემდეგ მეორეა, ვინც ქვემძიმე წონაში ტრიუმფის შემდეგ, მძიმე წონის ჩემპიონიც გახდა.

ტონი ახლა 53 წლისაა. მას სამ წონაში აქვს ტიტულები მოპოვებული. 2003 წელს დაამარცხა ევანდერ ჰოლიფილდი, ვინც უკვე ჩამქვრალი ვარსკვლავი იყო. ტონის ანგარიშზე 77 გამარჯვება (47 ნოკაუტით), 10 წაგება და 3 ფრეა. საშუალო წონით (72.5 კგ) დაიწყო და მძიმეთი დაამთავრა. ტონი ჩემპიონის სარტყლებს ფლობდა საშუალო, ზესაშუალო და კრეისერის (91 კგ) წონებში. ერთხელ მძიმეშიც მოიგო სატიტულო ბრძოლა, მაგრამ დოპინგზე ჩავარდა და ტიტული ჩამოართვეს.

კოტო 41 წლისაა. მას 41 მოგება (33 ნოკაუტით) და 6 წაგება აქვს. 2012 წელს მეივეზერს შეხვდა და წააგო. და ეს მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრძოლაა. ისიც ოთხ წონაში იყო ჩემპიონი. ტიტულებს ფლობდა მსუბუქ (61 კგ), როჭოს (67 კგ), ქვესაშუალო და საშუალო წონებში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148695