საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები 2022 წლის ATP Cup-ზე ითამაშებს, სადაც D ჯგუფში მოხვდა საბერძნეთის, არგენტინისა და პოლონეთის ნაკრებებთან ერთად.
ATP Cup-ზე მონაწილეობას 16 ნაკრები მიიღებს, რომლებიც ოთხ 4-გუნდიან ჯგუფებში გადანაწილდნენ და ნახევარფინალში ჯგუფის პირველადგილოსნები გავლენ. საქართველომ იქ მონაწილეობის უფლება ნიკოლოზ ბასილაშვილის წყალობით მოიპოვა, რომელიც რეიტინგის 22-ე ჩოგანია.
ბასილაშვილის გარდა, საქართველოს ნაკრებში ზურა ტყემალაძე, საბა ფურცელაძე, ალექსანდრე მეტრეველი და ალექსანდრე ბაკში ითამაშებენ. ტურნირის კალენდარიც ცნობილია:
საქართველო 1 იანვარს არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება, 3 იანვარს პოლონეთს გაეჯიბრება, ხოლო 5 იანვარს ჯგუფის ბოლო შეხვედრას საბერძნეთის ნაკრებთან ჩაატარებს.
ATP Cup-ის გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა 2020 წელსაც მიიღო მონაწილეობა და ჯგუფში ესპანეთთან, იაპონიასთან და ურუგვაისთან ჭიდილში 1 მოგებით და 2 წაგებით მესამე ადგილი დაიკავა.