ჩოგბურთი

2:53 | 8.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეშლი ბარტი WTA-ს წლის ჩოგბურთელი გახდა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ეშლი ბარტი, ქალთა ჩოგბურთის ასოციაციამ (WTA) წლის საუკეთესო მოთამაშედ მეორედ დაასახელა. აშშ-ის ღია პირველობის ბრიტანელი ჩემპიონი ემა რადუკანუ კი საუკეთესო ახალბედა გახდა.

ბარტიმ ეს საპატიო წოდება პირველად 2019 წელს მოიპოვა. ამ სეზონში მან ყველაზე მეტი, ხუთი ტიტულის მოგება შეძლო. მათ შორის, ერთს უიმბლდონზე დაეუფლა, რაც მისთვის დიდი სლემის მეორე ტიტულია.

გარდა ამისა, მაიამიში წინა სეზონში მოპოვებული ტიტული დაიცვა და გაიმარჯვა მელბურნში, შტუტგარტსა და ცინცინატიში. და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ზედიზედ მესამე სეზონი დაასრულა მსოფლიოს პირველი ჩოგნის რანგში.

19 წლის რადუკანუმ აშშ-ის ღია პირველობაზე თამაშის უფლება საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით მოიპოვა და შემდეგ დიდი სლემის ტურნირის ჩემპიონი გახდა. ტურნირის დასაწყისში, რეიტინგში 150-ე ადგილზე იყო. ბოლო 44 წელიწადში ის პირველი ბრიტანელი ქალი ჩოგბურთელია, ვინც დიდი სლემის ტურნირის ჩემპიონი გახდა.

ჩეხმა ბარბორა კრაიჩიკოვამ მიიღო WTA-ს ის პრიზი, რომელსაც ყველაზე მეტად გაუმჯობესებული შედეგებისთვის იმსახურებენ. ის საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა. გარდა ამისა, წყვილებში თავის პარტნიორ კატერინა სინიაკოვასთან ერთად, წლის საუკეთესო წყვილის წოდებასაც დაეუფლა. სხვათა შორის, მათ ეს წოდება 2018 წელსაც მოიპოვეს.

წლის დაბრუნების პრიზი მიიღო ესპანელმა კარლა სუარეს ნავარომ, ვისაც 2020 წელს ჰოჯკინის ლიმფომის ადრეული სტადია გამოუვლინდა. რამდენიმე თვიანი მკურნალობის (ქიმიო და რადიო თერაპია) შემდეგ, 33 წლის ჩოგბურთელი კორტს დაუბრუნდა და როლან გაროსზე ითამაშა.

0.115459