„იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-16 ტურში „ჯენოა“ 2:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. თამაშის 73-ე წუთზე მასიმილიანო ალეგრიმ და ალვარო მორატამ იკამათეს.
ესპანელმა ფორვარდმა ერთი წუთით ადრე ყვითელი ბარათი მიიღო და გამოცდილმა მწვრთნელმა ის დაუყოვნებლივ შეცვალა. როცა მორატამ ალეგრის გვერდით გაიარა, მათ შორის შელაპარაკება მოხდა.
„შენ მათ ჯარიმა აჩუქე, უნდა გაჩუმდე!“, - ეუბნება ალეგრი მორატას, რომელიც პასუხობს: „კი, მაგრამ მე რა გავაკეთე? რა გავაკეთე“, - და სათადარიგო სკამისკენ მიდის.
მატჩის შემდეგ რა თქმა უნდა, იტალიელ სპეციალისტს ინციდენტის შესახებ კომენტარის გაკეთება მოუწია.
„მორატასაც სერიოზული არაფერი მომხდარა. მისი შეცვლა არ მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ყვითელი ბარათი მიიღო და მერეც აგრძელებდა კამათს, ამიტომ, ვარჩიე შემეცვალა. ვწუხვარ, რადგან მან კარგად ითამაშა, გოლი არ გაუტანია, მაგრამ სასიამოვნო სანახავი იყო მისი და გუნდის თამაში. სიამოვნება მივიღე ჩვენი თამაშით, თუმცა მთავარი შედეგი იყო. საგოლე მომენტების რეალიზაცია უნდა გავაუმჯობესოთ.
ამჟამად „ფიორენტინასთან“ ერთად მეხუთე ადგილზე ვართ, წინ კი ოთხი გუნდია, რომლებიც კარგად თამაშობენ და იქ ყოფნას იმსახურებენ. შესაძლოა, სეზონის ბოლომდე რაღაც შეიცვალოს. ახლა ორი რთული საგარეო მატჩი გვაქვს ვენეციასა და ბოლონიაში, წელს კი შინ „კალიარისთან“ დავასრულებთ“, - თქვა ალეგრიმ.
აქვე გეტყვით, რომ „იუვენტუსს“ 16 ტურის შემდეგ 27 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე-მეექვსე ადგილებს „ფიორენტინასთან“ ერთად იყოფს.