კალათბურთი

10:29 | 5.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბაქსმა" "მაიამი ჰიტზე" შური იძია, მამუკელაშვილმა სოლიდური დრო კარგად გამოიყენა (+VIDEO)

მიზანი მიღწეულია, რეგულარული სეზონის მე-2 მატჩში მარცხისთვის „მილუოკი ბაქსმა“ შური იძია, თუმცა, 42-ქულიანი ვერა. NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა „მაიამი ჰიტს“ ამჯერად საკუთარ მოედანზე უმასპინძლა და 22-ქულიანი სხვაობით, 124:102 დაამარცხა.

ამ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმაც შეიტანა. მან იანის ანტეტოკუმპოს არყოფნისას სოლიდური სათამაშო დრო მიიღო და შედეგიც დადო. 22 წლის ფორვარდმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 21:05 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. სანდრომ 6-დან 2 სროლა გამოიყენა. მან 3-დან 1 სამქულიანი და 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო. ჩვენებურის +- მაჩვენებელი 6-ს გაუტოლდა და 1 პერსონალური ფოლიც მიიღო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მამუკელაშვილის პირადი რეკორდი სწორედ „მაიამი ჰიტის“ წინააღმდეგ ჩაგდებული 12 ქულაა.

გამარჯვებულთა გუნდში ლიდერობა პეტ კონაუტონმა ითავა. 28 წლის მცველმა 23 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20 გამოდგა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ თანაგუნდელ, 31 წლის გამთამაშებელ ჯრუ ჰოლიდეის ჩამორჩა, რომელმაც 16 ქულა, 5 მოხსნა და 7 შედეგიან გადაცემასთან ერთად 1 დაფარებაც მიითვალა.

22 ქულიანი შეხვედრა ჩაატარა მიდლტონმა, მან ამ მონაგარს 6 მოხსნა და 9 პასიც დაამატა, ხოლო ერთადერთი ორმაგი დუბლი პორტისმა შეასრულა. ბობიმ 29:31 წუთში - 19 ქულა, 16 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება გამოიმუშავა.

დამარცხებულთა რიგებში კი საუკეთესო მაქს სტრუსი იყო. 25 წლის ამერიკელმა გამთამაშებელმა საკუთარ გუნდს 25 ქულა და 3 მოხსნა შესძინა. მან 9-დან 6 სამქულიანი, 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 16 ქულიანი შეხვედრა ჩაატარა ქეილებ მარტინმა. ხოლო ტაილერ ჰეროს ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა - 15 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი.

გეტყვით იმასაც, რომ ამ შეხვედრამდე გუნდებს ერთნაირი მოგება წაგების ბალანსი ჰქონდათ (14-9), ამ გამარჯვებით კი „მილუოკი“ დაწინაურდა და მოქმედი ჩემპიონები კარგ სეზონს ატარებენ. მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდს 15 გამარჯვების წილ 9 მარცხი აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებენ. ქართველი კალათბურთელის კლუბი მომდევნო შეხვედრას 7 დეკემბერს, შინ, „კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. რაც შეეხება ჰიტს, მაიამელებს 14 მოგება და 10 მარცხით მე-5 პოზიცია უჭირავთ და 7 დეკემბერს, საშინაო მატჩს „მემფის გრიზლისთან“ გამართავენ.

0.183867