ფეხბურთი

21:39 | 4.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" "ლოკომოტივს" მოუგო: ეროვნული ლიგის სეზონი დასრულდა (+VIDEO)

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი დასრულდა. სეზონის ბოლო ტურის შეხვედრაში თბილისური დერბი შედგა და „დინამომ“ „ლოკომოტივი“ დაამარცხა.

მატჩს სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია, რადგან ყველაფერი გარკვეული იყო. „დინამომ“ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და 2:0 დაწინაურდა. ანგარიში საიმონ ბენიომ გახსნა, რასაც გიორგი გაბედავას პენალტი მოჰყვა. ტაიმის ბოლოს „ლოკომ“ ადამა ვადის გოლით ჩამორჩენა შეამცირა.

მეორე ნახევარში ზორან მარუშიჩმა ორბურთიანი სტატუსქვო აღადგინა, ხოლო ბოლო წუთზე ვადიმ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:2 მასპინძელთა სასარგებლოდ.

„დინამო თბილისმა“ 70 ქულით მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო „ლოკომოტივს“ 53 ქულით მეხუთე ადგილი ერგო.

საქართველოს ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ გახდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, კონფერენს ლიგაზე თამაშის უფლება კი „დინამო თბილისმა“ და გორის „დილამ“ მოიპოვეს, რომლებიც შესაბამისად მეორე-მესამე ადგილებზე გავიდნენ. კონფერენს ლიგის მესამე საგზურის მფლობელი საქართველოს თასის გამარჯვებულს ერგება.

ეროვნული ლიგიდან გავარდა „სამტრედია“, საიდანაც თავის მხრივ ბოლნისის „სიონი“ აღზევდა. პლეი-ოფში ქუთაისის „ტორპედო“ მარტვილის „მერანს“ და „შუქურა“ „გაგრას“ შეხვდება, რის შედეგადაც გაირკვევა ვინ ითამაშებს მომდევნო სეზონში ეროვნულ ლიგაში და ვინ ეროვნულ ლიგა 2-ში.

ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი 16 გოლით ზორან მარუშიჩი გახდა, რომელმაც ჯაბა ჯიღაურს (13), გიორგი ფანცულაიას (13), ირაკლი სიხარულიძესა (12) და სერგო კუხიანიძეს აჯობა (11). საუკეთესო მეპასეც მარუშიჩი გახდა (8), შემდეგ მოდიან რევაზ ჩიტეიშვილი (7) და ბექა დარცმელია (7). ყველაზე მეტჯერ (16) კარი მშრალად ლაზარე კუპატაძემ შეინახა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს თასის ფინალში 8 დეკემბერს „სამგურალი“ და „საბურთალო“ შეხვდებიან.

„დინამო თბილისი“ – „ლოკომოტივი“ 3:2 (2:1)

გოლები: 1:0 ბენიო (10), 2:0 გაბედავა (18, პენ), 2:1 ვადი (43), 3:1 მარუშიჩი (81), 3:2 ვადი (90)

0.11273