რაგბი

12:02 | 4.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ბათუმი 43:3 აია

‘ბათუმმა’ დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა. ზღვისპირელებმა მე-9 ტურში ქუთაისის ‘აია’ მიიღეს და ბონუსით, 43:3 დაამარცხეს.

ეს იყო შარშანდელი ფინალის გამეორება, თუმცა ახლა ‘აია’ უფრო სუსტი გუნდია, ვიდრე გასული სეზონის მიწურულს იყო და მასპინძლებმაც მერვე მატჩში მე-7 გამარჯვება იზეიმეს. ‘ბათუმს’ გამოტვებული თამაში აქვს ‘ყაზბეგთან’, თუმცა უახლოეს მდევართან 6-ქულიანი ჰანდიკაპი აქვს ახლოს ვერავინ გაეკარება.

სტუმრებმა მხოლოდ 10 წუთი გაძლეს, მერე მასპინძლებმა 30-მეტრიანი მოლი ააგორეს და ნუკრი ფერსელიძემ ანგარიში გახსნა. დასკვნით 20 წუთში ‘ბათუმელთა’ ხაზის მოთამაშეებმა კიდევ სამი ლელო მიითვალეს – 22-ე წუთზე კონტრშეტევის შემდეგ მარჯვენა ფრთაზე დათო ტრაპაიძე გაიქცა; 33-ე წუთზე გიორგი წიკლაურმა კარის წინ დაახლოებით 25 მეტრში ინდივიდუალურად გაჭრა ხაზი და ბურთი ძელებსშუა დაამიწა; ტაიმის ბოლოს ‘ბათუმელთა’ ხელდახელ სწრაფი შეტევა ალამტან ტრაპაიძის დუბლით დასრულდა.

მამუკა ნინიძემ ოთხიდან სამი გარდასახვა ზუსტად შეასრულა, ‘აია’ კი მხოლოდ ბონდო აბაშიძის ჯარიმას დასჯერდა – 26:3.

მეორე ტაიმი წიკლაურის გარღვევით და მისი დუბლით დაიწყო. ნინიძემ ეს გარდასახვა ვერ შეასრულა, თუმცა 59-ე წუთზე მოლის შემდეგ ბურთს გრძელ ფრთაზე დაელოდა და მარცხენა ალამთან გატანილი თავისივე ლელო გარდასახა. გაწითლებულ დროზე ბექა ურჯუკაშვილმა შეხვედრის ბოლო, მე-7 ლელო გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 43:3. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი წიკლაური გახდა.

0.141579