ფორმულა 1-ის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი „მაკლარენი“ არ მალავს, რომ იმითაც კმაყოფილი იქნება, თუ სეზონს მეოთხე ადგილზე დაასრულებს. იმავდროულად, შეფი ანდრეას ზაიდლი ამბობს, რომ გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ „ფერარისგან“ მესამე ადგილი დაიბრუნოს. თუმცა ამის შანსი მცირეა.
საუდის არაბეთში რბოლის წინ, უოკინგელები მარანელოელებს 39.5 ქულით ჩამორჩებიან. ეს ძალიან ბევრია იმის გათვალისწინებით, რომ ორივე გუნდისთვის კვარცხლბეკზე ადგილის დაკავება რთულია. ამის გარეშე კი ქულების სოლიდური რაოდენობით მიღება შეუძლებელია. შესაბამისად, დარჩენილ ორ რბოლაში 39.5 ქულის ამოქაჩვა ურთულესი იქნება.
„მომდევნო ორ რბოლაში ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ჩვენ მაქსიმალურად შესაძლებელი ქულები უნდა დავაგროვოთ. და მაინც, ჩემი აზრით, ამ სეზონში მეოთხე ადგილის დაკავებაც მიღწევა იქნება. ფერარი ფორმაში შედის, რაც ასეთი გუნდისგან მოსალოდნელი იყო. ჩვენ ქულების მაქსიმალურად შესაძლებელი რაოდენობის მოგროვება შევძელით. ამაში ნაწილობრივ ფერარის პრობლემებიც დაგვეხმარა. ბოლო სამ რბოლაში კი დაახლოებით 30 ქულა დავკარგეთ“, - ამბობს ზაიდლი.
„მაკლარენმა“ გასული სეზონი, კონსტრუქტორთა ჩათვლაში მესამე ადგილზე დაასრულა, „მერსედესის“ და „რედ ბულის“ უკან. ეს კი უოკინგელებისთვის 2012 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგია. ამ სეზონშიც, გუნდი კარგად გამოიყურებოდა და ისე ჩანდა, რომ მესამე ადგილს ისევ დაიკავებდა - „ფერარის“ საშინაო რბოლა მონცაზე, „მაკლარენის“ დუბლით დასრულდა.
მაგრამ მას შემდეგ, ზედიზედ ექვსი რბოლა წარუმატებელი გამოდგა. „ფერარიმ“ კი აშკარად მოუმატა. მის პილოტებს რბოლა არ მოუგიათ, მაგრამ სტაბილურად კარგი შედეგები აქვთ.