ფეხბურთი

1:54 | 2.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში ოთხეული გამოიკვეთა და სკუდეტოსთვის ბრძოლა გახურდა

იტალიის სერია A-ს მე-15 ტური შუა კვირაში გაიმართა და ლიდერთა ზონაში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა.

„ნაპოლი“ ისევ ერთპიროვნული ლიდერია, მაგრამ ქულები დაკარგა, რის შედეგადაც, ორივე მილანური გუნდი მიუახლოვდა. ლუჩანო სპალეტის გუნდს რთული გასვლითი მატჩი ჰქონდა „სასუოლოსთან“, რომელიც ანგარიშგასაწევი ძალაა, რადგან მიმდინარე სეზონში სტუმრად „იუვენტუსსაც“ მოუგო და „მილანსაც“. შესაბამისად, „აძურის“ გარანტირებული არაფერი ჰქონდა და ორი ქულა დაკარგა. უგოლო ტაიმის შემდეგ „ნაპოლიმ“ მეორე ნახევარი დიდებულად დაიწყო, ფაბიან რუისისა და დრის მერტენსის გოლებით კომფორტული უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ესეც არ გამოდგა საკმარისი გამარჯვებისთვის. ჯანლუკა სკამაკამ და ჯანმარკო ფერარიმ „სასუოლოს“ ქულა გადაურჩინეს. ეგ კი არა, ბოლოს მასპინძლებმა მესამეც გაიტანეს, მაგრამ თამაშის წესის დარღვევა დაფიქსირდა და გოლი გაუქმდა.

„ნაპოლის“ წაფორხილებით „ინტერმა“ ისარგებლა და შინ „სპეციას“ იოლად მოუგო. სიმონე ინძაგის გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია და მეტოქის ძლევა არ გასჭირვებია. რობერტო გალიარდინიმ და ლაუტარო მარტინესმა თითო ტაიმში თითოჯერ გაიტანეს და „ნერაძურიმ“ მორიგი ქულები მოიპოვა.

„მილანი“ სტუმრად „ჯენოას“ შეხვდა და გენუურ გუნდს ანდრეი შევჩენკო წვრთნის, რომელსაც „როსონერის“ ფანები ოვაციებით შეეგებნენ. თუმცა უკრაინელი სპეციალისტის გუნდი საკმაოდ სუსტად გამოიყურება და მორიგი უიმედო მარცხი განიცადა. „მილანმა“ ზლატან იბრაჰიმოვიჩის დიდებული ჯარიმით და ჟუნიორ მესიასის დუბლით 3:0 მოიგო, რის შედეგადაც „ნაპოლისთან“ ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა. შევჩენკოს კი „ჯენოაში“ სამ მატჩში 1 ქულა აქვს და მისი მუშაობის პერიოდში გენუელებს გოლიც არ გაუტანიათ, წინ კი კიდევ ერთი რთული მატჩი ელოდებათ, სტუმრად „იუვენტუსთან“.

წააგო ჟოზე მოურინიოს „რომამ“, რომელიც გასვლაზე „ბოლონიასთან“ ვერაფერს გახდა და ნელ-ნელა პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდი ოთხეულს შორდება.

ზოგადად, იტალიაში ჩემპიონთა ლიგის ზონასა და დანარჩენებს შორის უფსკრული ჩნდება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ოთხეული, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო სეზონში იტალიას წარადგენს, გამოიკვეთა. „ნაპოლის“ 36 ქულა აქვს, „მილანს“ 35, „ინტერს“ 34 და „ატალანტას“ – 31. აი, მერე მოდის „რომა“, რომლის აქტივში მხოლოდ 25 ქულაა. და, სად არის „იუვენტუსი“? მასიმილიანო ალეგრის გუნდს კატასტროფული სეზონი აქვს და 24 ქულით „ფიორენტინასთან“ და „ბოლონიასთან“ ერთად მეექვსე-მერვე ადგილებს იყოფს.

„სასუოლო“ – „ნაპოლი“ 2:2 (0:0)

გოლები: 0:1 ფაბიან რუისი (51), 0:2 მერტენსი (60), 1:2 სკამაკა (72), 2:2 ფერარი (89), 3:2

„ჯენოა“ – „მილანი“ 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (10), 0:2 მესიასი (45), 0:3 მესიასი (61)

„ბოლონია“ – „რომა“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 სვანბერგი (35)

„ინტერი“ – „სპეცია“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 გალიარდინი (36), 2:0 ლაუტარო მარტინესი (58, პენ)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125494