ფეხბურთი

17:22 | 1.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი მესიზე, რონალდოზე, გვარდიოლაზე, ბერლუსკონიზე და ბევრი სხვა თემის შესახებ...

„მილანისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა Corriere Della Sera-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ძალიან ბევრ საკითხზე ისაუბრა. შვედმა ფეხბურთელმა წარსულის, აწმყოსა და მომავალზე ილაპარაკა და საინტერესო თემები გაიხსენა.

მარადონაზე და ნაპოლიზე - მარადონა მითია. მასზე დოკუმენტური ფილმის ნახვის შემდეგ გადავწყვიტე „ნაპოლიში“ წავსულიყავი და დიეგოს მსგავსად მოვქცეულიყავი და 80 000 ადამიანი ყოველ კვირას სტადიონზე მომეყვანა, სკუდეტო მომეგო. ამერიკით დაღლილი ვიყავი, კარიერის დასრულებაზეც ვფიქრობდი. რაიოლამ მითხრა: „გიჟი ხარ, იტალიაში უნდა დაბრუნდე“. „ნაპოლისთან“ ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ შემდეგ დე ლაურენტისმა ანჩელოტი გაათავისუფლა და ამიტომ, მინოს ვკითხე, რომელი გუნდი იყო იტალიაში უფრო სუსტი, რომლის დახმარება შემეძლო და მიპასუხა: „გუშინ „მილანმა“ „ატალანტასთან“ 0:5 წააგო“. მაშინვე ვუთხარი: „მილანში“ მივიდვარ, ამ კლუბს ვიცნობ და ქალაქიც მომწონს.

მიხაილოვიჩი - „იუვენტუსი“-„ინტერის“ მატჩის დროს სინიშა მთელი თამაშის განმავლობაში პროვოკაციას მიწყობდა, საშინელებებს მეუბნებოდა სლავურად, უფრო სწორად სერბულ-ხორვატულად. ახლა შვილს მეძახის, როდესაც მას იგივე დაავადება დაემართა, რაც ჩემს ძმას, საპკოს, „ბოლონიაში“ მის გამო გადასვლას ვაპირებდი. მიხაილოვიჩი მოედანზე ძალიან ცუდი ბიჭი იყო, ისევე, როგორც ბალაკი, კიდევ ერთი პროფესიონალი პროვოკატორი. მაგრამ ისინი ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ გუნდს უპირატესობა მიეღო და არა ისე, როგორც მატერაცი აკეთებდა.

მატერაციზე - მატერაცისთან ანგარიში გასასწორებელი წლების განმავლობაში მქონდა და დერბიში მოვაგვარე. ერთხელ პიპო ინძაგიმ თქვა, რომ მისი საუკეთესო დერბი იყო, იბრას გოლით მოგებული დერბი და საავადმყოფოში გაგზავნილი მატერაცი. რა თქმა უნდა, ხუმრობდა.

„მილანზე“ - თავიდან ვარჯიშებზე არავინ დარბოდა. ვარჯიშის დროს თავი შრომით უნდა მოიკლა. მე რომ გავიქცე და თავი მოვიკლა, ჩემი თანაგუნდელი გაიქცევა და თავს მოიკლავს ჩემთვის. ეს ყველამ გაიგო, ერთის გარდა - ლეაო თავიდან ყურადღებას არ მაქცევდა. შემდეგ თავისით მოხვდა და ძალიან მოუმატა.

ალეგრიზე - „მილანში“ „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგაზე 0:3 წავაგეთ და ის ყველაფრით ბედნიერი იყო. მართალია, მომდევნო ეტაპზე მაინც გავედით, მაგრამ სასაცილო არაფერი იყო და შენიშვნა მივეცი. მითხრა, რომ საკუთარ თავზე მეფიქრა და ცუდად ვითამაშე, მე კი ვუპასუხე, რომ საშინლად მოიქცა, როცა შიშისგან სათადარიგო სკამზე ორი მეკარე დასვა. ალეგრი გასახდელს კარგად მართავს, მაგრამ მეტი სითამამე სჭირდება. მას შეეძლო მადრიდის „რეალში“ წასულიყო, უცხო ქვეყანაში ემუშავა, მაგრამ სამაგიეროდ, მარტივი და კომფორტული არჩევანი გააკეთა.

კალჩოპოლი - მოჯი ნამდვილი ტოპმენეჯერი იყო. „იუვენტუსში“ ჩვენ ის ორი სკუდეტო (2005-2006 წლების) მოვიგეთ და მათ ვერავინ წაგვართმევს. ვერავინ წაშლის ოფლს, დაღლილობას, ტანჯვას, ტრავმებს, გოლებს... ამიტომ, როცა ამბობენ, რომ კარიერაში 11 შიდა ჩემპიონის ტიტული მოვიგე, ვუსწორებ: 13 მოვიგე.

ბერლუსკონიზე - ძალიან კარგი ადამიანი. ერთ კვირას „სან სიროზე“ თამაშს ტრიბუნიდან ვუყურებდი და მაიძულა მის გვერდით დავმჯდარიყავი. მერე კი მეუბნება: იბრა, წინააღმდეგი ხომ არ იქნები ერთი ადგილით რომ გადაიწიო? ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი მოდის“. ვიფიქრე, რომ პოლიტიკოსი მოდიოდა, სამაგიეროდ, ლამაზი ქალი მოვიდა, შთამბეჭდავი ქუსლიანები ეცვა. ბერლუსკონიმ კი თვალი ჩამიკრა. ჰო, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, შესაძლოა, მისთვის მართლაც იყო.

დონარუმაზე - ჯიჯო შესანიშნავი მეკარეა. მისთვის ის რომ მიეცათ, რასაც ითხოვდა, „მილანში“ დარჩებოდა. თუმცა, ახლა პსჟ-ში ძირითადში ადგილი უნდა მოიპოვოს. ჯიჯო ყველაზე ძლიერია.

მბაპეზე - მართალია, მე მას პარიზის დატოვება ვურჩიე, მას უფრო სტრუქტურულად გამართული გარემო სჭირდება, როგორიც მადრიდის „რეალშია“. თუმცა, შემდეგ პსჟ-ს პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ის არ გაყიდოს.

მესიზე - ის და კრიშტიანუ, ორივე ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ ლეოს ვამჯობინებ, თუნდაც იმიტომ, რომ ერთად ვითამაშეთ. პროფესიონალური ურთიერთობა გვქონდა, ის ფეხბურთით ცხოვრობ. თუმცა, წელს „ოქროს ბურთს“ ლევანდოვსკი იმსახურებდა. ისტორიაში ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი ბრაზილიელი რონალდოა, ფენომენი, ბავშვობაში მას ვბაძავდი.

გვარდიოლაზე - მას ჩემი არასდროს ესმოდა. უნდოდა ყველაფერი დაეგეგმა, რაც მე უნდა გამეკეთევინა. გვარდიოლას ძლიერი ხასიათის ფეხბურთელები არ უყვარს. მისთვის პრობლემა გავხდი და რაკი, მან ვერ მოაგვარა, მე წასვლით მოვაგვარე.

მომავალზე - მომავალზე ფიქრი ცოტა მაწუხებს. მწვრთნელობა? არ ვიცი, ეს ძალიან დიდი სტრესია. ისეთ რამეს გავაკეთებ, რაც ადრენალინს მომანიჭებს. თუმცა, სანამ შემიძლია ფეხბურთელი ვიქნები, მინდა სკუდეტოსთვის ბოლო ტურამდე ვითამაშო და შემდეგ მუნდიალზე ყატარში წავიდე.

0.114292