ფეხბურთი

16:48 | 1.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი ძირითადში ბრუნდება? ბორდალასის კომენტარი და Marca-ს ვარაუდი

ესპანეთის სამეფო თასზე „ვალენსია“ ქვედალიგე „უტრილიასს“ ესტუმრება (2 დეკემბერს) და უკვე ცნობილია, რომ იასპერ სილესენი არ ითამაშებს. შესაბამისად, შესაძლოა, ესპანური კლუბის კარი გიორგი მამარდაშვილმა დაიცვას, რომელსაც სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მეკარეების შესახებ ისაუბრა, მაგრამ ვინ იქნება მინდორზე, ეს მაინც არ გათქვა:

„მწვრთნელი ვარ და გადაწყვეტილებებს მე ვიღებ. მეკარე, რომელიც ხვალ ითამაშებს, სილესენი არ არის, ამაში შემიძლია დაგარწმუნოთ. რივეროს, ხაუმესა და მამარდაშვილს ერთნაირი შანსი აქვთ და გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ. სამივე მეკარე ძალიან კარგად მუშაობს და სამივეს ვენდობით“, - თქვა ბორდალასმა.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca „ვალენსიას“ მეკარეების საკითხს ცალკე გამოეხმაურა და ვარაუდობს, რომ სათასო მატჩში „ღამურების“ კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.

„გასულ ზაფხულს „ვალენსიაში“ არასათანადო სატრანსფერო პოლიტიკის გამო ოთხი მაღალი დონის მეკარე აღმოჩნდა, რაც სეზონის სტარტზე ახალგაზრდა ქართველის გაბრწყინების დამსახურებაცაა. ამ ვითარებაში თასის პირველი მატჩის ჯერიც მოვიდა, რაც შეიძლება შეფასდეს მეკარეების შანსად, რომელთაც ლა ლიგაში შანსი არ მიუღიათ. ბორდალასმა უნდა გადაწყვიტოს, მისცეს თუ არა თასზე თამაშის შანსი ქართველს, რომელმაც სეზონში უკვე ითამაშა და წესით გუნდის მეორე მეკარე უნდა იყოს, თუ დააჯილდოვოს ხაუმე ან რივერო ყოველდღიური შრომისთვის, მათ ხომ სეზონში ერთი წუთიც არ უთამაშიათ. ამ დროისთვის მან რამდენჯერმე გააკეთა მინიშნება, რომ ძირითადში მამარდაშვილი იქნება, რომელიც რამდენიმე შეცდომის გამო სეზონის სტარტზე სათადაგირო სკამზე გადასვა, როდესაც ტრავმისგან სილესენიც გამოჯანმრთელდა“, - წერს მადრიდული გამოცემა.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 6 მატჩი ჩაატარა, 18 სეივი შეასრულა, ორჯერ კარი მშრალად შეინახა და პირველი ტურის საუკეთესო მეკარედაც დასახელდა. თუმცა, სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული ვალენსიელთა კარს უცვლელად ნიდერლანდელი იასპერ სილესენი იცავს.

0.121046