ფეხბურთი

15:25 | 1.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კახა კალაძე "მილანზე", ანდრეი შევჩენკოზე, "ჯენოასა" და კარიერის საუკეთესო მოგონებებზე

სერია A-ს მე-15 ტურში „ჯენოა“ „მილანს“ უმასპინძლებს და ეს მატჩი ყურადღებას ანდრეი შევჩენკოს გამო იქცევს, რომელიც გენუური გუნდის მთავარი მწვრთნელია და ყოფილი კლუბის წინააღმდეგ პირველად მოუწევს დაპირისპირება.

Gazzetta Dello Sport-მა მატჩის დღეს საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტან და თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. კალაძეს „მილანშიც“ უთამაშია და „ჯენოაშიც“, შევჩენკოს თანაგუნდელი კი წლების განმავლობაში, როგორც იტალიურ გრანდში, ისე კიევის „დინამოში“ და დიალოგიც ძირითადად ამ თემებს დაეთმო.

„როდესაც კიევში ჩავედი, ანდრეიმ მაშინვე დაამტკიცა, რომ ჩემი მეგობარი იყო, დამეხმარა გასახდელთან ადაპტაციაში და გამაცნო ქალაქი. ჩვენ მსგავსი თვისებები გვქონდა, ორივე ვართ შრომის და თავგანწირვის მოყვარული ადამიანები, ეს დიდი მაესტროს, ლობანოვსკის თვისებები იყო.

-ასევე მნიშვნელოვანი იყო მილანშიც მასთან ერთად ყოფნა?

- ის ძალიან მეხმარებოდა და გვერდში მედგა, განსაკუთრებით ენობრივი ბარიერის გამო. საბედნიეროდ მან უკვე იცოდა ცოტა იტალიური და თავიდან ერთმანეთში რუსულად ვსაუბრობდით.

- როგორი ატმოსფერო იყო გასახდელში?

- ძნელია სიტყვებით გადმოცემა. ვინც „მილანში“ თამაშობს, ერთის მხრივ, ჯერ ამ მაისურის ტარების პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს, რომელსაც ყოველთვის პატივი უნდა სცეთ, გულით უნდა ითამაშო. ჩვენი „მილანი“ ოჯახი იყო, უკან არავის ვტოვებდით. მთავარი იყო გამარჯვება და ბოლომდე დახარჯვა. კომპაქტური გასახდელი იყო - ფეხბურთელები, მწვრთნელი და მენეჯერები ერთნი იყვნენ. როდესაც მალდინის, ნესტას, შევას გვერდით აღმოჩნდები არ შეიძლება კლუბის იმედგაცრუებაზე ფიქრიც კი, მათ უნდა მოუსმინო და ისწავლო.

- ერთხელ რეზო ჭოხონელიძეს ძვირადღირებული მანქანა აჩუქეთ დაბადების დღეზე. როგორ გაჩნდა ეს იდეა?

- „მილანში“ ორი ადამიანი მყავდა, რომლებიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ, როგორც ოჯახი. რეზო თავიდანვე მხარში მედგა, რომ მილანში დავსახლებულიყავი და მანამდეც იგივე გააკეთა შევასთან მიმართებაში. ჩვენ ძალიან გატაცებული ვიყავით მანქანებით და ამიტომ, გადავწყვიტეთ მისთვის საჩუქარი გაგვეკეთებინა - ჩვენი რეზოსთვის. მეორე ადამიანი, რომელთანაც ძალიან ახლოს ვიყავი ლორენცი ჩიპრიანია. მილანში დღემდე ბევრი მეგობარი მყავს.

- გაგიკვირდათ, როდესაც შევჩენკო „ჩელსიში“ წავიდა?

- თავიდან კი, მაგრამ ეს იყო პატივსაცემი არჩევანი.

- გაგიკვრიდათ, რომ შევა მწვრთნელი გახდა?

- არა, შევას სწორი მენტალიტეტი აქვს, ის მუშაობს მიზნებისთვის და აღწევს კიდეც, რაც დაამტკიცა, როცა „ოქროს ბურთი“ მოიგო. როგორც მისი დიდი მეგობარი, ვფიქრობ, ის სწორ გზას მიჰყვება, ნაკრებიდან დაიწყო და ახლა კლუბში დაიწყო მუშაობა.

- რა მოგონებები დაგრჩათ მილანიდან და ორი ჩემპიონთა ლიგის თასიდან?

- მილანი ჩემი მეორე ქალაქია, როცა ჩამოვდივარ, ყოველთვის თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში, ოჯახური ატმოსფეროა. იტალია ბრწყინვალე ქვეყანაა და იტალიელები ფანტასტიკური ხალხია. „მილანის“ გულშემატკივრები განსაკუთრებულნი არიან, ისინი არასდროს დაგივიწყებენ წლების გავლის მიუხედავად. ამიტომ, ვინც დღეს „მილანში“ თამაშობს, ვეტყვი, რომ უნდა იამაყონ, ამ მაისურს დიდი ისტორია აქვს და ყოველთვის პატივი უნდა სცენ, არასდროს დანებდნენ, რადგან თუ დანებება შეგიძლია, „მილანში“ ვერ ითამაშებ.

- თქვენი კარიერიდან საუკეთესო ემოცია რომელია?

- „იუვესთან“ მოგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალი და მილანურ დერბიში გატანილი გამარჯვების გოლი.

- მალდინის თანაგუნდელი დიდი ხანი იყავით. მოგწონთ, როგორც მენეჯერი?

- მისი პლაკატი ჩემს საძინებელში მქონდა და წარმოიდგინეთ, შემდეგ მის გვერდით აღმოვჩნდი... საოცარი იყო. სამუშაო, რომელიც მან აქამდე გააკეთა, როგორც მენეჯერმა, შესანიშნავია. არის ახალი ელემენტები, რომლითაც პიოლი „მილანს“ თანამედროვე ფეხბურთს ათამაშებს.

- ახალგაზრდული „მილანი“ მოგწონთ?

- ძალიან, კარგად მოიქცნენ, რომ იბრაჰიმოვიჩი შეინარჩუნეს, როგორც გასახდელის ლიდერი კლუბში, რომელიც ზრდის ლეაოს, ტონალის, სალმაეკერსს, ტომორის, რომელიც ძალიან ძლიერია და კიაერთან ერთად თამაშით კიდევ უფრო გაიზრდება. იმედი მაქვს, რომ ორ წელიწადში „მილანი“ ჩემპიონთა ლიგაზე უმაღლეს დონეს დაუბრუნდება. თუმცა, ამას მოთმინება სჭირდება.

- „ჯენოას“ გარემოსაც იცნობთ. როგორ მოერგება გუნდს შევჩენკო?

- ძალიან თბილი გარემოა, ტიფოზებს გუნდი ძალიან უყვართ, ამას გრძნობ, როცა იქ ხარ. შევამ და ტასოტიმ არცთუ ისე მარტივი გამოწვევა მიიღეს, მაგრამ საინტერესო. შევა შრომისმოყვარეა და უყვარს მწვრთნელობა, გამოწვევები მისთვის სტიმულია. დარწმუნებული ვარ, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ „ჯენოა“ დაუბრუნდეს იმ დონეს, რომელსაც იმსახურებს. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ისტორიული კლუბია.

- როგორ ფიქრობთ, რას იგრძნობს ანდრეი „მილანის“ წინააღმდეგ მატჩში?

- თავიდან უცნაური გრძნობა დაეუფლება, როდესაც პაოლოს შეხვდება, მაგრამ მატჩის დაწყებისთანავე ყველაფერი დასრულდება. შევას ვუსურვებ, რომ „ჯენოა“ იმ სიმაღლეზე დააბრუნოს, რასაც კლუბი და მისი გულშემატკივრები იმსახურებენ. დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმს გაიღებს, რადგან სერიოზული პროფესიონალი და შესანიშნავი ადამიანია.

- ამჯერად რომელ გუნდს უგულშემატკივრებთ?

- ჩემი გული მეუბნება, რომ „მილანს“.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე „მილანში“ 2001-2010 წლებში თამაშობდა, 284 მატჩში 13 გოლი გაიტანა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ერთხელ კი სკუდეტო. 2010-2012 წლებში მან „ჯენოას“ მაისურით ითამაშა და გენუური კლუბის რიგებში ჩატარებულ 56 შეხვედრაში თავი ორი გოლით გამოიჩინა.

0.110985