იტალიური "მილანის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა აღიარა, რომ "როსონერიში" დაბრუნებამდე "ნაპოლიში" გადასვლაზე ფიქრობდა. შვედი ფეხბურთელის თქმით, მან დიეგო მარადონაზე დოკუმენტური ფილმი ნახა, რომელმაც შესაძლო ტრანსფერზე დააფიქრა.
„დიეგო მარადონაზე დოკუმენტური ფილმი ვნახე და გადავწყვიტე სკუდეტოს მოსაგებად "ნაპოლიში" წავსულიყავი. ისევე, როგორც დიეგომ. დავიღალე ამერიკით, მეგონა კარიერას დავასრულებდი. რაიოლამ მითხრა: დაბრუნდი იტალიაში". "ნაპოლისთან" შეთანხმებას მივაღწიეთ, მაგრამ დე ლაურენტისმა ანჩელოტი გაუშვა და ეს ვარიანტი მაშინვე გამოვრიცხე.
შემდეგ მინოს ვკითხე, რომელი იყო უფრო სუსტი კლუბი იტალიაში და სად შეიძლება წავსულიყავი?! მან მითხრა, გუშინ "მილანმა" "ატალანტასთან" 0:5 წააგო. მე ვუთხარი - გადაწყდა! "მილანში" უნდა დავბრუნდე. მე ვიცნობ ამ კლუბს და ქალაქიც მიყვარს მეთქი", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით "როსონერის" შემადგენლობაში 11 თამაში ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა. შვედმა შემტევმა "როსონერის" ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაში დიდი წვლილი შეიტანა და გავრცელებული ინფორმაციით, ის კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასაც გეგმავს.