სხვა

4:15 | 1.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფიური უაილდერთან პირველ ბრძოლაში ნასვამი გასულა

მძიმე წონაში WBC-ს ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ აღიარა, რომ დეონტეი უაილდერთან პირველი შეხვედრის წინ, ბარში ჩავიდა და ორი ყლუპი ლუდი მიირთვა. ბრძოლა ფრედ დასრულდა, შემდეგ ფიურიმ ამერიკელს WBC-ს ტიტული ჩამოართვა და უაილდერთან მესამე ბრძოლაში წარმატებით დაიცვა.

სანამ უაილდერს შეხვდებოდა, ბრიტანელმა მოკრივემ სამი წელი უქმედ გაატარა. რინგზე დაბრუნებიდან სულ რაღაც ექვს თვეში, ჩემპიონთან შეხვედრის უფლება მოიპოვა. ჩემპიონთან, რომელსაც მანამდე რვაჯერ ჰქონდა ტიტული დაცული.

„მე ცხოვრებას ძველებურად ვუყურებ. უაილდერთან პირველი შეხვედრის წინ, კიბეებს დაბლა ჩავუყევი და ბარში ორი ყლუპი ლუდი დავლიე. უბრალოდ, დალევა მინდოდა. ამას ჩემთვის ზიანი არ მოუყენებია, ასე არაა?“ - ყვება ფიური.

კითხვაზე, მის ძმას, ტომი ფიურის, ჯეიკ პოლთან შეხვედრის წინ, ლუდი ხომ არ აწყენს, ტაისონი პასუხობს: „ლუდი მოდუნებაში გეხმარება და ბრძოლით სიამოვნების მიღების საშუალებას გაძლევს. სულ ესაა“.

ბევრი თვლის, რომ ფიურიმ უაილდერთან პირველ შეხვედრაშიც მოგება დაიმსახურა, რადგან თითქმის 12-ვე რაუნდში სჯობდა ჩემპიონს. თუმცა ბოლო სამ წუთში მეტოქის ძლიერი შეტევა მისთვის ლამის სავალალოდ დასრულდა. უაილდრის მარჯვენა და მარცხენა ჰუკების კომბინციამ, ბრიტანელი გიგანტი მეორედ დასცა.

თუმცა ფიურიმ ათის დათვლამდე წამოდგომა შეძლო და ბოლო წუთში მეტოქეს მუშტების კორიანტელი დაატეხა. ეს მოგებისთვის საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. ამ ბრძოლიდან 14 თვის შემდეგ, ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და ფიურიმ უაილდერს შვიდ რაუნდში ნოკაუტი აგემა. ახლახანს, ისინი მესამედაც შეხვდნენ ერთმანეთს და ფიურიმ ამერიკელს ნოკაუტი მე-11 რაუნდში აგემა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115788