ფეხბურთი

2:29 | 1.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის გოლი და საგოლე პასი ბრიუსელის "ანდერლეხტთან" (+VIDEO)

ბელგიის თასის მერვედფინალში გიორგი მიქაუტაძემ ბრიუსელის „ანდერლეხტთან“ გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და პენალტების სერიაშიც თავი გამოიჩინა, მაგრამ მისი გუნდი დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

„სერანმა“ თამაში დიდებულად დაიწყო და მე-18 წუთზე უკვე ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდა. ჯერ ანგარიში იუსეფ მაზიზმა პენალტით გახსნა, ხოლო რვა წუთში თავი მიქაუტაძემ გამოიჩინა - ქართველმა ფორვარდმაც პენალტი გაიტანა. თუმცა, ტაიმის ბოლოს 3-წუთიან ინტერვალში ბრიუსელელებმა კრისტიან კუამეს დუბლით გაათანაბრეს, ხოლო 50-ე წუთზე რაფაელოვმა პენალტით წინ „ანდერლეხტი“ გაიყვანა.

მასპინძლებმა ზუსტად 10 წუთში გაათანაბრეს და დუბლი მაზიზმა შეასრულა, რომელმაც ცარიელ კარში მიქაუტაძის შესანიშნავი პასით გაიტანა - 3:3. მერე აღარაფერი შეცვლილა, არც ძირითად დროში და არც დამატებითში, შესაბამისად, პენალტების სერია დაინიშნა.

„სერანმა“ საწყისი ორი დარტყმა გააცუდა, „ანდერლეხტმა“ პირველი პენალტი ვერ გაიტანა. გიორგი ბურთთან თანაგუნდელთა შორის მეოთხე მივიდა და ზუსტად დაარტყა, რითაც სერიაში წონასწორობა აღადგინა (2:2), თუმცა ბრიუსელელებს შეცდომა აღარ დაუშვიათ და საბოლოოდ პენალტების სერიაში 4:3 მოიგეს და თასის მეოთხედფინალში გავიდნენ.

21 წლის ქართველ ფეხბურთელს დიდებული სეზონი აქვს - 13 მატჩში 11 გოლი (10 თამაშში 7 გოლი ბელგიის ჩემპიონატში და 3 შეხვედრაში 4 გოლი ბელგიის თასზე, აქედან ორჯერ ჰეთ-თრიქი შეასრულა)! აქვე გეტყვით, რომ „სერანი“ იუპილერ ლიგის უახლოეს მატჩს 4 დეკემბერს, სტუმრად „ბრიუგესთან“ გამართავს.

0.126595