ფეხბურთი

22:36 | 29.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ: "ფრანს ფუტბოლის" რედაქტორი იტყუება, ეს მიუღებელია"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ France Football-ის მთავარი რედაქტორი პასკალ ფერე გააკრიტიკა და ტყუილში დაადანაშაულა. კრიშტიანუმ დაწერა, რომ ფერემ მისი სახელი საკუთარი თავისა და ფრანგული გამოცემის რეკლამისთვის გამოიყენა.

„დღევანდელი შედეგი ხსნის პასკალ ფერეს გასული კვირას განცხადებას. ის ამტკიცებდა, რომ მე ვუთხარი მას, რომ ჩემი ერთადერთი მიზანი იყო კარიერის დასრულება უფრო მეტი ოქროს ბურთით, ვიდრე ლიონელ მესის ექნება.

ფერემ იცრუა, მან გამოიყენა ჩემი სახელი საკუთარი თავის და იმ გამოცემის რეკლამისთვის, რომელშიც მუშაობს. მიუღებელია ასეთი პრესტიჟული პრიზის მინიჭებაზე პასუხისმგებელი პირის ტყუილი, სრული უპატივცემულობის გამოხატვა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ყოველთვის პატივს სცემდა France Football-სა და ოქროს ბურთს. დღეს კი ისევ იცრუა და ამართლებდა ჩემს არყოფნას ცერემონიალზე, კარანტინში ყოფნით, რისთვისაც არანაირი საფუძველი არ არსებობს.

ყოველთვის ვულოცავ მათ, ვინც გაიმარჯვებს, სპორტული და სამართლიანი თამაშის წყალობით, რომლითაც კარიერის დასაწყისიდანვე ვხელმძღვანელობ. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ არავის წინააღმდეგი არასდროს ვარ. მე ყოველთვის ვიმარჯვებ საკუთარი თავისთვის და იმ კლუბებისთვის, რომლებსაც წარმოვადგენ, ვიმარჯვებ საკუთარი თავისთვის და მათთვის, ვინც მიყვარს.

ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი მიზანია მოვიგო ეროვნული და საერთაშორისო ტიტულები იმ კლუბებისთვის, რომლებსაც წარმოვადგენ და ჩემი ქვეყნის ეროვნული ნაკრებისთვის. ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი მიზანია ვიყო კარგი მაგალითი ყველასთვის, ვინც არის ან სურს გახდეს პროფესიონალი ფეხბურთელი. ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი მიზანია, ჩემი სახელი ოქროს ასოებით დავტოვო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში", - დაწერა რონალდუმ ინსტაგრამზე .

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პასკალ ფერემ თქვა, რომ კრიშტიანუ რონალდუს ერთადერთი მიზანი ლიონელ მესიზე მეტი „ოქროს ბურთის“ მოგებაა. პორტუგალიელს ამ დროისთვის პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში ხუთჯერ აქვს მოგებული, რაც ფეხბურთის ისტორიაში მეორე შედეგია.

0.124772