იტალიაში სექსუალური შევიწროების კუთხით დიდი სკანდალი აგორდა. სერია A-ს ბოლო ტურში, „ემპოლისა“ და „ფიორენტინას“ მატჩის შემდეგ Toscana TV-ის ჟურნალისტი გრეტა ბეკალია პირდაპირ ეთერში იყო და სტადიონიდან გამოსული „ფიორენტინას“ ფანების ჩაწერას ცდილობდა.
სწორედ მაშინ, ლაივ-ეთერის დროს ერთ-ერთმა გულშემატკივარმა გრეტას უკანალზე ხელი დაარტყა და ცხადია, ეს ჟესტი სექსუალური შევიწროებაა. დიდი კრიტიკა გამოიწვია ამ დროს გადაცემის წამყვანის კომენტარმაც, რომელმაც ჟურნალისტს მოუწოდა, რომ არ გაბრაზებულიყო და საქმიანობა გაეგრძელებინა. გრეტამ მოგვიანებით მეორე ვიდეო გადაიღო და მომხდარის შესახებ, რაც კადრებში ისედაც ნათლად ჩანს, დეტალურად ისაუბრა:
„ცოტა ხნის წინ დავასრულეთ პირდაპირი ტრანსლაცია. მატჩის შემდეგ სტადიონთან ვიყავი და გულშემატკივრებს კომენტარების გამო ველოდებით. სამწუხაროდ, მუშაობის პერიოდში და ლაივში ყოფნისას დამიწყეს ყვირილი, არასასიამოვნო სიტყვების ძახილი. ერთმა მათგანმა კი თავს უფლება მისცა და უკანალზე დამარტყა. ეს არის მიუღებელი ფაქტი, განსაკუთრებით 2021 წელს, როდესაც ჩემნაირი გოგო გახდა ჟურნალისტი, რომ თავისი მიზნებისთვის მიეღწია და მსგავსი ადამიანები არ უნდა არსებობდნენ“, - თქვა ბეკალიამ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში ინციდენტის შემდეგ გაავრცელა.
როგორც იტალიური მედია იტყობინება, ადამიანი, რომელმაც იტალიელი ჟურნალისტი შეავიწროვა, იდენტიფიცირებულია. მისი ამოცნობა სტადიონზე დამონტაჟებული კამერების მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერებითა და ტელევიზიაში გაშვებული კადრების მეშვეობით მოხდა. დადგინდა, რომ ეს პიროვნება „ფიორენტინას“ გულშემატკივარია, ხოლო ბეკალიამ ფლორენციის პოლიციას მომხდარის შესახებ აცნობა და გამოძიება სექსუალური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
სექსისტური სკანდალის შემდეგ გრეტას მხარდაჭერა ცნობილმა იტალიელმა კოლეგებმა, მათ შორის, ჯანლუკა დი მარციომ და ალესანდრო ალჩატომ გამოუცხადეს. ჟურნალისტი დაიცვა „ფიორენტინას“ პრეზიდენტმა როკო კომისომ და ის „ფიორენტინასა“ და „სამპდორიას“ ხვალ გასამართ მატჩზე დაპატიჟა. აქვე გეტყვით, რომ „ემპოლი“ – „ფიორენტინას“ ტოსკანური დერბი მასპინძელბმა 2:1 მოიგეს.