ფეხბურთი

2:07 | 29.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" გალიდერდა, "მილანმა" ზედიზედ მეორედ წააგო

იტალიის სერია A-ს 15 ტურის თავზე ერთპიროვნულად სათავეში ისევ „ნაპოლი“ ჩაუდგა, რადგან „მილანმა“ ზედიზედ მეორედ წააგო და პოზიცია დათმო.

„როსონერის“ სერია A-ში უკვე 1 თვეა არ მოუგია, ბოლოს რომში, „რომას“ აჯობა, ხოლო მას მერე, „ინტერთან“ ქულა მოიპოვა და მიჯრით წააგო ჯერ „ფიორენტინასთან“ (3:4) და ახლა საკუთარ მოედანზე „სასუოლოსთან“.

არადა, სტეფანო პიოლის გუნდმა კარგად დაიწყო და 21-ე წუთზე ალესიო რომანიოლის გოლით დაწინაურდა კიდეც. თუმცა, მასპინძლები მხოლოდ 3 წუთის განმავლობაში იგებდნენ და სულ მალე ჯანლუკა სკამაკამ შორი მანძილიდან უძლიერესი და ულამაზესი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. პირველივე ტაიმში სკამაკამ კიდევ იაქტიურა, ტრავმიდან დაბრუნებულმა მაიკ მენიომ მოიგერია, მაგრამ ბურთი სიმონ კიაერს მოხვდა და დანიელმა ავტოგოლი გაიტანა. „მილანმა“ ვითარება ვერც მეორე ტაიმში შეცვალა და უფრო მეტიც, სტუმრებმა მესამეც გაიტანეს - რა თქმა უნდა, მოედანი უგოლოდ დომენიკო ბერარდისაც არ დაუტოვებია. მას საოცარი სტატისტიკა აქვს „მილანის“ წინააღმდეგ: 15 მატჩი, 10 გოლი და 4 საგოლე პასი. როგორც ნამატჩევს „სასუოლოს“ ლიდერმა თქვა, „მილანს“ მისთვის იღბალი მოაქვს და ძნელია არ დაეთანხმო, რადგან ამაზე მეტი გოლი მიმოს სხვა გუნდის კარში გატანილი არ აქვს. ამრიგად, „მილანმა“ ბოლო სამ მატჩში ქულა მოიპოვა, ბოლო ორი მატჩი წააგო და „ნაპოლის“ 3 ქულით ჩამორჩა, ხოლო „ინტერს“ მხოლოდ ქულით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ „მილანმა“ სერია A-ს ზედიზედ ორ შეხვედრაში 7 გოლი 1998 წლის მარტის შემდეგ (მაშინ „ინტერთან“ 0:3 და „იუვენტუსთან“ 1:4) პირველად გაუშვა. ისიც ვთქვათ, რომ "მილანმა" სერია A-ში პირველი საშინაო მატჩი წააგო აპრილის შემდეგ და მაშინაც "სასუოლოსთან" დამარცხდა. სხვათა შორის, "როსონერი" მაშინაც იგებდა, მაგრამ წააგო (1:2) და იმ თამაშის მერე პირველად მოხდა, რომ დათმო მატჩი, რომელშიც ანგარიში გახსნა.

„ნაპოლიმ“ მილანელთა წაფორხილებით ისარგებლა და საკუთარ მოედანზე რომის „ლაციო“ 4:0 გაანადგურა. აქ ყველაფერი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როცა ნეაპოლელებმა დრის მერტენსის დუბლითა და პიოტრ ჟიელინსკის გოლებით რომაელები სამჯერ დაამწუხრეს, საბოლოო ანგარიში კი ფაბიან რუისმა დააფიქსირა. ამრიგად, მაურიციო სარის ნეაპოლში დაბრუნება უიღბლო გამოდგა და ყოფილ გუნდთან უშანსო მარცხი განიცადა.

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა „რომამ“, რომელმაც საკუთარ მოედანზე უკეთესად მოთამაშე „ტორინოს“ მაინც აჯობა. გამარჯვების გოლი ტამი აბრაჰამის ანგარიშზეა და ჟოზე მოურინიოს გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

იტალიაში მე-14 ტური დასრულდა, მაგრამ სულ მალე მე-15 ტური დაიწყება, რომელიც შუა კვირაში გაიმართება.

„ნაპოლი“ – „ლაციო“ 4:0 (3:0)

გოლები: 1:0 ზიელინსკი (7), 2:0 მერტენსი (10), 3:0 მერტენსი (29), 4:0 ფაბიან რუისი (85)

„რომა“ – „ტორინო“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 აბრაჰამი (32)

„მილანი“ – „სასუოლო“ 1:3 (1:2)

გოლები: 1:0 რომანიოლი (21), 1:1 სკამაკა (24), 1:2 კიაერი (33, ა.გ), 1:3 ბერარდი (66)

„სპეცია“ – „ბოლონია“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 არნაუტოვიჩი (83)

„უდინეზე“ – „ჯენოა“ 0:0 (0:0)

1.051619