რუსეთის პრემიერლიგის მე-16 ტურში ყაზანის „რუბინი“ საკუთარ მოედანზე მოსკოვის „დინამოსთან“ 2:3 დამარცხდა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი საგოლე პასი მიითვალა.
მოსკოველები მე-18 წუთზე დენის მაკაროვის გოლით დაწინაურდნენ, რომელიც გასულ სეზონში „რუბინში“ ირჯებოდა. 30-ე წუთზე კი ხვიჩამ მარცხენა ფლანგზე იაქტიურა და სოლტმურად ბაკაევი მოძებნა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა.
51-ე წუთზე ანდერს დრეირმა პენალტით წინ სლუცკის გუნდი გაიყვანა და აღსანიშნავია, რომ პენალტის შეტევაც კვარაცხელიამ წამოიწყო. 73-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა შეცვლა მოითხოვა და მოედანი დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია დაზიანება, მაგრამ სავარაუდოდ, საგანგაშო არაფერი იქნება. „რუბინმა“ კი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და უქულოდ დარჩა. ვთქვათ ისიც, რომ ხვიჩამ სანაკრებო პაუზის შემდეგ პორველად ითამაშა, რადგან წინა ტურში დისკვალიფიკაციის გამო მოედანზე ვერ გავიდა. მიმდინარე სეზონში 20 წლის შემტევს რუსეთის ჩემპიონატში 14 შეხვედრაში 1 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს მითვლილი.
„რუბინი“ 16 ტურის თავზე 22 ქულით მეცხრე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 5 დეკემბერს, სტუმრად „ნიჟნი ნოვგოროდთან“ გამართავს.