„ბელენენსეშის“ პრეზიდენტმა რუი პედრო სოარეშმა განაცხადა, რომ „ბენფიკასთან“ მატჩი მთელი პორტუგალიის სირცხვილია. როგორც მან აღნიშნა, ლიგამ თამაშის გადადებაზე უარი თქვა და მხოლოდ ის 9 ფეხბურთელი იმსახურებს პატივისცემას, ვინც მოედანზე გავიდა.
„ეს მატჩი სირცხვილია, აბსოლუტურად ყველასთვის სირცხვილია, გარდა „ბელენენსეშის“ იმ ცხრა ფეხბურთელისა, რომლებიც მოედანზე გავიდნენ. არ არსებობს არგუმენტი, რომელიც ლიგის ასეთ გადაწყვეტილებას გაამართლებს. ლიგას ვთხოვეთ, რომ თამაშზე ვერ გავიდოდით და გადაედოთ, მაგრამ გვითხრეს, რომ მოედნის 8 მოთამაშე გვყავდა და უნდა გვეთამაშა, წინააღმდეგ შემთხვევაში ტექნიკური მარცხის გარდა, მომდევნო მატჩების ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარებაც მოგვიწევდა.
ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ ისეთი ღირსეული საქციელის მომსწრე, როგორიც „ბელენენსეშის“ ფეხბურთელებმა აჩვენეს. ამ 48 წლის განმავლობაში ბევრი ღირსეული რამ ვნახე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს პიკია. მათ ყველას აჩვენეს, რას ნიშნავს პატივისცემა.
თუმცა, რაც უნდა იყოს, მატჩის ასეთ პირობებში ჩატარების გადაწყვეტილება მთელი პორტუგალიისთვის სირცხვილია“, - თქვა სოარეშმა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო „ბელენენსეში“ „ბენფიკასთან“ სათამაშოდ მხოლოდ 9 ფეხბურთელით გავიდა და აქედან ორი მეკარე იყო, შესაბამისად, ერთს მოედნის მოთამაშის პოზიციაზე მოუწია გარჯა. პირველივე ტაიმში „ბენფიკამ“ მეტოქეს 7 გოლი გაუტანა, ხოლო მეორე ნახევარში მასპინძლები მოედანზე 7 ფეხბურთელით დარჩნენ, რასაც კიდევ ერთი ფეხბურთელის გამოკლება მოჰყვა (ტრავმის გამო). 6 ფეხბურთელით დარჩენის შემდეგ კი მსაჯმა თამაში შეწყვიტა, რადგან მოედანზე ერთი გუნდის რიგებში მინიმუმ 7 ფეხბურთელი უნდა იყოს.