საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს - „დინამო ბათუმი“! აჭარული გუნდი ჩემპიონი ისე გახდა, რომ ჯერ 35-ე ტურის მატჩი თვითონ არ ჩაუტარებია.
ზღვისპირელთა კონკურენტი „დინამო თბილისი“ სტუმრად „სამტრედიას“ უგოლოდ დაუზავდა, რაც იმის მაუწყებელია, რომ „დინამო ბათუმს“ ვეღარ გადაასწრებს.
კახა ცხადაძის გუნდი სეზონის დასრულებამდე 1 ტურით ადრე ბათუმელებს 4 ქულით ჩამორჩება. თანაც, აჭარლებს 2 მატჩი აქვთ გასამართი, თბილისელებს მხოლოდ ერთი და ყველაფერი ნათელი გახდა. ამრიგად, „დინამო ბათუმი“ ისტორიაში პირველად გაჩემპიონდა და ზედიზედ ორი ვიცე-ჩემპიონის ტიტულის შემდეგ, მიზანს მიაღწია.
„დინამო თბილისის“, „ტორპედოს“, „ვიტ ჯორჯიას“, „სიონის“, „ოლიმპის“, „ზესტაფონის“, „დილას“, „სამტრედიასა“ და „საბურთალოს“ შემდეგ „დინამო ბათუმი“ მე-10 გუნდი გახდა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონობა მოახერხა.