"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ Sky Sport-თან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ინგლისში "ქალაქელების" გარდა სხვა კლუბს სათავეში არასოდეს ჩაუდგება. ესპანელ სპეციალისტს სამომავლოდ ნაკრების გაწვრთნა სურს.
"სიტისთან" თანამშრომლობის დასრულების შემდეგ, მსურს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვიბრძოლო ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე. მაგრამ, ვიცი ეს ადვილი არ იქნება. ინგლისში ყოველთვის "მანჩესტერ სიტის" ერთგული ვიქნები. მე შემიძლია მომავალში დავბრუნდე ქალაქში, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ინგლისში სხვა კლუბს გავწვრთნი. მე ამ კლუბის ნაწილი ვარ", - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ 50 წლის ესპანელი სპეციალისტი ინგლისურ კლუბს სათავეში 2016 წელს ჩაუდგა და მას შემდეგ გუნდს 3-ჯერ პრემიერლიგა, ერთხელ ინგლისის ასოციაციის თასი, 4-ჯერ ინგლისის ლიგის თასი და 2-ჯერ ინგლისის სუპერთასი მოაგებინა. მან გასულ წელს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიყვანა, თუმცა, ლონდონის „ჩელსისთან“ დამარცხდა.