ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ კიუშუ ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა. ტოჩინოშინს წლის ბოლო სუპერტურნირის საწყისი 4 საშეჯიბრო დღე ტრავმის გამო გაუცდა და ამან შედეგზე დიდი გავლენა იქონია.
ტოჩი დღეს მე-11 მაეგაშირა ტერაცუოშის შეხვდა და შიტატეჰინერის ილეთით დამარცხდა. ქართველმა გოლიათმა მცირეწონოსან მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა და დოჰიოზე თავად დაეცა. ეს წყვილის მე-6 დაპირისპირება იყო და ჩვენებურს ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი გაეზარდა - 2 მოგება, 4 მარცხი.
ამრიგად, ლევანმა ნოემბრის ბაშოზე 6 შეხვედრა მოიგო, ექვს ორთაბრძოლაში დამარცხდა, ხოლო გაცდენილი 3 შეხვედრა წაგებად ჩაეთვალა. მან ელიტარულ დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა, თუმცა, რანგში დაქვეითება მაინც ემუქრება.