ბლოგი

11:40 | 28.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალამდე ერთი წელი დარჩა

როგორც იცით, 2022 წელს ყატარში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი წელიწადის ყოვლად უცნაურ პერიოდში გაიმართება და თუკი ამას ჯერ კიდევ ვერაფრით დასრულებულ კორონა-პანდემიას დავუმატებთ, მომდევნო საფეხბურთო მუნდიალის უცნაურობა კიდევ უფრო მეტად საცნაური გახდება.

ამის მიუხედავად, უკვე კარგა ხანია დაიწყო მსჯელობა და პროგნოზების კეთება იმასთან დაკავშირებით, თუ სავარაუდოდ რომელი ქვეყნის ნაკრები გახდება არაბეთის მიწაზე მსოფლიოს ჩემპიონი. ყველა საფეხბურთო ქვეყანაში ცხადია მათი გუნდის იმედი აქვთ და საკუთარი ნაკრების სწამთ. ქართველები ამ შემთხვევაში “დასვენებული“ ვართ, რადგან ჩვენი ნაკრები ცხადია ვერც კი მიუახლოვდა მსოფლიოს ჩემპიონატის ძირითად ეტაპს და აქედან დანახული სხვა გუნდების შანსები შედარებით უფრო ადვილად შესაფასებელია.

“ადვილად შეფასებაში“ ცხადია არ ვგულისხმობ იმას, რომ ვინმემ ზუსტად იცის ვინ შეიძლება ასწიოს მსოფლიო თასი, მაგრამ პროგნოზების კეთება ჩვენთვის მაინც ბევრად ადვილია, ვიდრე მაგალითად ბრაზილიელისთვის, რომელიც ალბათ არც კი გაიფიქრებს, რომ მსოფილოს საუკეთესო გუნდის წოდება “სელესაოს“ გარდა სხვებს შეიძლება მიეკუთვნოთ. ასე არიან სხვებიც - იტალიელები, არგენტინელები, გერმანელები, ფრანგები...

ბრაზილიელები ვახსენე და ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად ალბათ სჯერათ ჩემპიონობის, რასაც ზურგს დიადი წარსული გარდა ისიც უმაგრებს, რომ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონები სამხრეთამერიკის ზონალურ შესარჩევ ეტაპზე პირველ ადგილზე არიან, უკვე ოფიციალურად გაიფორმეს მუნდიალის საგზური და ახალი თაობაც შესანიშნავი ჰყავთ. სხვათა შორის, მსოფლიოს წამყვანი ტოტალიზატორების დიდი ნაწილი, ყატარში ჩემპიონობის ყველაზე მეტ შანსს სწორედ ბრაზილიელებში ხედავს.

იტალია ევროპის მოქმედი ჩემპიონია და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა გაურთულდათ და ფლეი-ოფებში მოუწევთ ჯახირი, აპენინებზე ალბათ არც კი დაუშვებენ “სკუადრა აძურას“ მუნდიალზე ვერმოხვედრას. ფეხბურთელთა ახალი თაობა იტალიელებსაც სანაქებო ჰყავთ, მაგრამ რობერტო მანჩინის გუნდი ევროპის ჩემპიონობის შემდეგ თითქოს რაღაცნაირად მოეშვა, თითქოს მიღწეული წარმატებით დატკბა და სწორედ ახლაა გამოფხიზლების დრო-ჟამი.

საფრანგეთი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია და სხვას, ვის თუ არა მათ კიდევ აქვთ სურვილი და რაც მთავარია მოტივაცია - კიდევ ერთხელ მიაწიონ სანუკვარ საწადელს. ფაქტია, რომ მათი ლიდერებითანდათან იბრუნებენ უწინდელ ფორმას და თუკი კილიან მბაპეს დავუჯერებთ, ის ახლა უკეთეს ფორმაშია, ვიდრე რუსეთში გამართულ უკანასკნელ მუნდიალზე იყო. რუსეთში კო მოგეხსენებათ,მბაპემ უფრთოდ იფრინა.

წელს როგორც იქნა არგენტინამაც გაიხსენა გამარჯვებების გემო და ლეო მესიმ და კამპანიამ კოპა ამერიკის თასი ასწიეს. არგენტინის ნაკრებს ცხადია პრობლემები ისევ აქვს (რაც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ზოგიერთ მატჩშიც გამოჩნდა) მაგრამ რაკი “ალბისელეტემ“ როგორც იქნა 2021 წელს ფინალში დამარცხებების საშინელი “ტრადიცია“ დაასრულა, ვინ იცის, იქნებ სწორედ 2022 წელი გამოდგეს მათი მესამედ გამსოფლიოსჩემპიონების დიადი დრო. არადა, ეს დრო დიდი ხანია დამდგარია.

რა უნდა თქვა გერმანიაზე? როდესაც მათგან არავინ ელოდა წარმატებას, მაშინ ხდებოდნენ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები და ახლა, როდესაც გუნდიც სანაქებო ჰყავთ და წარმატებებიც ასე სწყურიათ, ვითომ რატომ არ უნდა გამოიდონ თავი?! დიდი იოჰან კრუიფი ტყუილად კი არ ამბობდა: “გერმანიისგან ვინც ჩემპიონობას არ ელის, ის ცხოვრებისგანაც არაფერს ელისო“.

ძალიან კარგია, რომ ხსენებული კრუიფის მშობლიური, ნიდერლანდების ნაკრები გავიდა მუნდიალზე. ისიც სასიხარულოა, რომ მუნდიალზევნახავთ ესპანეთის, ასევე ყველასთვის საყვარელიბელგიის და დანიის ნაკრებებს. იმედია ფლეი-ოფებს გადალახავს კრიშატიანუ რონალდუს პორტუგალია. თუმცა, ამ გუნდებისგან ბევრი არ ელის ჩემპიონობას. ჩვენ ქართველები აქაც თავისფლები ვართ და წინასწარ ნურავის გადავუსმევთ ხაზს. ჩვენი ეპოქა ხომ სიურპრიზებითაა სავსე!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116025