ბოლნისის „სიონი“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებულია და შესაბამისად, ეროვნულ ლიგაში აღზევდა.
გიორგი დარასელიას გუნდმა ბოლოსწინა ტურში კონკურენტ „გაგრას“ 2:1 მოუგო და პირველი ადგილი გაინაღდა. ბოლნისელებმა გიორგი ივანიაძისა და თომა ტაბატაძის გოლებით მოიგეს, ხოლო სტუმართაგან თამაზ მაქაცარიას გოლი საკმარისი არ გამოდგა.
შედეგად, „სიონს“ 81 ქულა გაუხდა და „გაგრას“ 9 ქულით გაუსწრო, რაც ცხადია, დარჩენილ ერთ ტურში აღმოუფხვრელი სხვაობაა. თავის მხრივ „გაგრას“ და მარტვილის „მერანს“, რომლებმაც შესაბამისად, მეორე-მესამე ადგილები გაინაღდეს, პლეი-ოფში მოუწევთ ბრძოლა, სადაც „გაგრას“ მეტოქე „შუქურა“ იქნება, „მერანის“ „ტორპედო“ ან „თელავი“.
აღსანიშნავია, რომ 35-ე ტურში "გარეჯმა" "ჩიხურა" 8:0 გაანადგურა და გიორგი ხარებაშვილმა 6 გოლი გაიტანა!
ეროვნული ლიგა 2-დან საჩხერის „ჩიხურა“ გავარდა, ეს დიდი ხნის წინაც ცნობილი იყო, რადგან იმერულმა გუნდმა მხოლოდ 10 ქულა დააგროვა, პლეი-აუტში მოუწევს დარჩენისთვის ბრძოლა „რუსთავს“, ხოლო „ვიტ ჯორჯია“ და თბილისის „მერანი“ ბოლო ტურის წინ ჯერ კიდევ ინარჩუნებენ შანსს, რომ პლეი-აუტს თავი დააღწიონ და ადგილი ამის გარეშე შეინარჩუნონ. ერთ-ერთი მიზანს მიაღწევს და უპირატესობას „მერანი“ ფლობს, რომელიც „ვიტ ჯორჯიას“ ორი ქულით უსწრებს.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტური 3 დეკემბერს გაიმართება.