ფეხბურთი

11:00 | 27.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

სანტუში: "დარწმუნებული ვარ, პორტუგალია მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს"

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის წილისყრა შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი თურქეთთან მატჩია და მხოლოდ შემდეგ იფიქრებენ ფინალის შესახებ.

„ახლა იტალიაზე საუბარი საჭირო არაა, ჯერ იმაზე უნდა ვიფიქროთ, თურქეთი როგორ დავამარცხოთ. ნახევარფინალი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. რა თქმა უნდა, გვინდა იტალიის დამარცხება და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა, მაგრამ მანამდე მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასადგმელი. წილისყრა? ასე მოხდა და მორჩა. პოზიტიურ რაღაცებსაც ვხედავ - ორივე თამაშს სახლში ჩავატარებთ და პუბლიკის მხარდაჭერა გვექნება. დამღლელ მგზავრობასაც თავიდან ავიცილებთ, რაც მარტში, როცა სეზონი გადამწყვეტ ფაზაშია, დამატებითი პრობლემა იქნებოდა. ახლა თურქეთისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელსაც ყოველთვის შეუძლია სირთულეების შექმნა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავალთ“, - თქვა სანტუშმა.

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები 24 მარტს ჩრდილოეთ მაკედონიას ნახევარფინალში უმასპინძლებს, იმავე დღეს პორტუგალია თურქეთს დაუხვდება და ამ წყვილებში გამარჯვებულები ფინალში შეხვდებიან, რომლის მასპინძელი 29 მარტს პორტუგალია-თურქეთის წყვილში გამარჯვებული იქნება. ხსენებული ოთხეულიდან მუნდიალზე ერთი გავა - ფინალის გამარჯვებული.

0.124633