სხვა

3:38 | 26.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

კანელო ალვარესი მძიმე წონაში გადასვლას არ აპირებს

კანელო ალვარესი კრივის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავია. ის უკვე რამდენიმე წონაში გახდა მსოფლიო ჩემპიონი და მას შემდეგ, რაც ამერიკელი ქალებ პლანტი დაამარცხა და ზესაშუალო წონაში (76 კგ) ტიტულებს თავის ხელში მოუყარა თავი, კრეისერის წონაში (91 კგ) გადასვლა WBC-ს ჩემპიონ ილუნგა მაკაბუსთან (კონგო-სამხრეთ აფრიკა) შეხვედრა გადაწყვიტა.

იმავდროულად, მექსიკელმა მოკრივემ განაცხადა, რომ კრეისერის წონაში წარმატებას რომც მიაღწიოს, მძიმე წონაში არ გადავა. ტოგორც თავად ამბობს, ტაისონ ფიურისთან შეხვედრა მეტისმეტი იქნება.

„მგონი ერთი წლის წინ ვთქვი, რომ კრეისერში გადასვლას არ ვაპირებდი. მაგრამ ახლა სწორედ იქ ვარ. ამიტომ, ამაზე აღარ ვფიქრობ. ჩემი სხეული ამას ვერ შეეგუება“, - ამბობს ალვარესი.

პრომოუტერ ედი ჰერნს სჯერა, რომ ალვარესს შეუძლია მძიმე წონაში ისეთ მომცრო მოკრივეებთან გამკლავება, როგორიც უკრაინელი ოლეკსანდრ უსიკია. შეგახსენებთ, რომ კრეისერის წონიდან მძიმეში გადასულმა უსიკმა ბრიტანელ ენტონი ჯოშუას მოუგო და მას WBA-ის, IBF-ის, WBO-ის და IBO-ის ტიტულები ჩამოართვა.

„ვფიქრობ, კანელოს და ედი რეინოსოს (ალვარესის მწვრთნელია) გამოწვევები სურთ. ისინი ბევრს გაბედავენ, რათა უდიდესები გახდნენ. ეს კი სპორტისთვის საოცრება იქნება. მაკაბუსთან ბრძოლა კრეისერის წონაშია, რაც მას შეიძლება მორიგი ტიტულის მოპოვებაში დაეხმაროს. მერე ყველა დაიწყებს ლაპარაკს, რომ უფრო მეტსაც შეძლებს და ვთვლი, რომ ეს კარგი შესაძლებლობა იქნება“, - ამბობს ჰერნი და დასძენს:

„მისმინეთ, მას მძიმე წონაში გადასვლა და იქ ბრძოლა შეუძლია. იმას ვგულისხმობ, რომ უსიკი არაა მასიური მძიმეწონოსანი. შეუძლია მასთან ბრძოლა? ჯერ ალბათ კრეისერში სჯობს. მე მომწონს, რომ მაკაბუს ხვდება. ეს სახიფათო ბრძოლა იქნება, რომელიც ისტორიაში შევა. კანელოს და ედის ეს სურთ. მათ არ აინტერესებთ ნორმალური, მოსაბეზრებელი ბრძოლები“.

0.116592