ფეხბურთი

2:08 | 26.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავა "კოპენჰაგენი" პლეი-ოფშია, ქეცბაიას "ანორთოსისს" ბოლო ტურში ფინალი ელის

კონფერენს ლიგის მეხუთე ტურში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“, რომელმაც შინ ბელგიური „გენტი“ 1:0 დაამარცხა და მიმდინარე გათამაშებაში პირველად მოიგო.

გამარჯვების გოლი 27-ე წუთზე შორი მანძილიდან ლაზაროს ხრისტოდოპულოსმა გაიტანა. თადარიგში იყო გიორგი ლორია, ნიკა კაჭარავა და ნიკა ნინუა, რომელთაც გუნდის დატოვებას უწინასწამეტყველებენ, განაცხადში არ იყვნენ. „გენტის“ განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია გიორგი ჩაკვეტაძეს.

ბოლო ტურის წინ „გენტს“ პირველი ადგილი განაღდებული აქვს, მეორე ადგილისთვის დიდი ბრძოლაა: „პარტიზანს“ 7 ქულა გააჩნია, „ფლორასა“ და „ანორთოსისს“ – 5-5. ბოლო ტურში ქეცბაიას გუნდი ბელგრადში „პარტიზანს“ ესტუმრება და თუ მოიგებს, ჯგუფიდან გავა.

პლეი-ოფში გავიდა დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“, რომელმაც სტუმრად გიბრალტარის „ლინკოლნი“ 4:0 გაანადგურა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა, დანიურ გუნდს კი 12 ქულა აქვს და პირველ ადგილში ვერავინ შეეცილება. ამავე ჯგუფში ბრატისლავის „სლოვანი“ შინ სალონიკის პაოკ-ს უგოლოდ დაუზავდა. სლოვაკთა რიგებში გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ჯაბა კანკავა განაცხადში არ იყო, რისი მიზეზიც დედის გარდაცვალებაა...

როგორც ვთქვით, „კოპენჰაგენი“ F ჯგუფიდან უკვე გავიდა, მეორე ადგილისთვის „სლოვანი“ და პაოკ-ი იბრძვიან და ორივეს 8-8 ქულა აქვთ. ისიც სათქმელია, რომ ამ გუნდების ორივე მატჩი ფრედ დასრულდა (0:0, 1:1). ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა, მაგრამ პაოკ-ს სუსტი მეტოქე ჰყავს („ლინკოლნი“), ხოლო „სლოვანს“ სტუმრად „კოპენჰაგენთან“ თამაში მოუწევს.

0.153031