ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა „იუვენტუსთან“ (4:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ ახლა მიწაზე უნდა დარჩნენ და ცაში არ უნდა იფრინონ.
„შესანიშნავი პერფორმანსი იყო, დიდებული შედეგი. ფეხბურთელებით ნამდვილად კმაყოფილი ვარ, მათ თავიც კარგად დაიცვეს. ბრწყინვალე მატჩი იყო, მაგრამ მიწაზე უნდა დავრჩეთ და ცაში არ უნდა ვიფრინოთ. იმედი მაქვს, რომ ჩილველის ტრავმა სერიოზული არ იქნება. პირველ მატჩში დავისაჯეთ, ახლა კი ვიცოდით სად უნდა მოგვემატებინა და ეს გავაკეთეთ. „ჩელსიში“ 50-ე მატჩი მქონდა და გამარჯვებით აღნიშვნა შესანიშნავია, ზოგადად, ამ კლუბში ყოფნა სასიამოვნოა.
ოთხიდან სამი გოლი კლუბის აკადემიის აღზრდილებმა გაიტანეს და სწორედ ეს აქცევს გუნდს განსაკუთრებულად. ჩვენ მხოლოდ ვარსკვლავები და ლეგიონერი არ გვყავს, კარგია, რომ გუნდში ეს ნაზავი არსებობს. ნიჭიერ, თავმდაბალ, ახალგაზრდა და ხარისხიან ფეხბურთელებს სურთ ძლიერი „ჩელსის“ ნაწილი იყვნენ. კარგი დღე იყო ჩვენი აკადემიისთვის და ეს ჩვენი წარმატების შემადგენელი ნაწილია“, - თქვა ტუხელმა.
შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ და „იუვენტუსს“ H ჯგუფში 12-12 ქულა აქვთ, მაგრამ ბოლო ტურში ლონდონელები „ზენიტს“ თუ მოუგებენ, ყველა შემთხვევაში პირველ ადგილს დაიკავებენ.